"ქართული ოცნება“ პრეზიდენტს წლიური ანგარიშით პარლამენტში მისვლას 15 მარტს სთავაზობს.
როგორც პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი, პარლამენტის პლენარული სხდომა, ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის მოხსენების მოსმენის მიზნით, 5 მარტს არ გაიმართება.
პრეზიდენტისადმი "ქართული ოცნების" უმრავლესობის შეთავაზებაა აღნიშნულ ფორმატში მისი მოსმენა მომავალი სასესიო კვირის პირველივე სხდომაზე გაიმართოს. ასეთი სხდომა კი 15 მარტს ჩატარდება.
გადაწყვეტილების მიღებამდე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის სურვილია, ანგარიშით 5 მარტს წარდგეს.
პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები მხარს უჭერდნენ პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის 5 მარტს გამართვას.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშით წარდგენას 5 მარტს გეგმავდა. ამის შესახებ მისმა ადმინისტრაციამ გუშინ, 2 მარტს, გაავრცელა ინფორმაცია.