პრეზიდენტს აქვს სურვილი ხალხს ანგარიში 5 მარტს წარუდგინოს, - აცხადებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე.
მისი განმარტებით, პრეზიდენტი იმყოფებოდა საფრანგეთის რესპუბლიკაში, ევროსაბჭოსა და ბრიუსელში, სადაც მან ქვეყნის გლობალური უსაფრთხოების, მშვიდობის პროცესში არსებული გამოწვევებისა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ პარტნიორობასთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანესი შეხვედრები გამართა.
ამ წუთებში, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დეპუტატები პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების გამართვის თარიღის შესახებ მსჯელობენ.
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებით, უმჯობესია ანგარიშის მოსმენა გადავადდეს.
"პრეზიდენტის წლიური ანგარიში არ არის ისეთი საჩქარო თემა და თან ამ შაბათ დღეს კვორუმის პრობლემებიცაა. კომიტეტების ხელმძღვანელები, დეპუტატები არიან მივლინებებში, მათ შორის საგარეო ურთიერთობის, ევროინტერგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეები. ამ მოცემულობაში ასე ნაჩქარევად, მოუმზადებლად ამ საკითხის გადაწყვეტა და ჩატარება არ მგონია სწორი. წლიური ანგარიში მოვისმინოთ მორიგ პირველივე სხდომაზე და გაცილებით აქტუალურ მიმდინარე საკითხებზე პრეზიდენტთან საუბარი დღესვე შეგვიძლია, არც ამის პრობლემა გვაქვს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშით წარდგენას 5 მარტს გეგმავდა. ამის შესახებ მისმა ადმინისტრაციამ გუშინ, 2 მარტს, გაავრცელა ინფორმაცია.