ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მკვლელობის სულ მცირე 3 მცდელობას გადაურჩა. იტყობინება ბრიტანული გამოცემა The Times-ი.
გამოცემის წყაროების ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის მკვლელობის მისიით კრემლმა ორი დაჯგუფება გაგზავნა - კრემლის მიერ მხარდაჭერილი სამხედრო კომპანია "ვაგნერის" მებრძოლები და ჩეჩენი სპეცრაზმელები.
როგორც იუწყებიან, ორივე ჯგუფს პრეზიდენტის მკვლელობის განზრახვის განხორციელებაში ხელი შეუშალეს უკრაინის სპესსამსახურებმა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (FSB) იმ თანამშრომლების დახმარებით, რომლებიც ომის წინააღმდეგ გამოდიან.
გავრცელებული ცნობით, მზაკვრული მისიის განხორციელებისას "ვაგნერის" დაჯგუფებამ დანაკარგი განიცადა. "ვაგნერთან" დაახლოებული წყაროს თქმით, დაჯგუფების წევრები გაოცებულები იყვნენ, თუ რამდენად ზედმიწევნით იყო ინფორმირებული მათი მისიის შესახებ ზელენსკის უსაფრთხოების გუნდი.
რაც შეეხება ჩეჩენი სპეცრაზმელების დაჯგუფებას. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა 1-ელ მარტს განაცხადა, კადიროვის ჯგუფი, რომელიც უკრაინაში პრეზიდენტის ლიკვიდაციისთვის ჩავიდა, განადგურებულია.
გამოცემა The Times-ი ჯერ კიდევ 28 თებერვალს იუწყებოდა, რომ კიევში 400-ზე მეტი რუსი დაქირავებული მებრძოლი მოქმედებს, რომელთაც კრემლის მიერ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მისი მთავრობის წევრების მოკვლა აქვთ ნაბრძანები.