უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკების მეორე რაუნდი დასრულდა. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ მხარეებმა "მიაღწიეს ურთიერთგაგებას" დროებით ცეცხლის შეწყვეტასა და ჰუმანიტარული დერეფნების გახსნაზე, ყველაზე მძიმე ბრძოლების ადგილებიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის, მედიკამენტებისა და საკვები პროდუქტების მიწოდებისთვის.
პოდოლიაკის განმარტებით, ცეცხლის შეწყვეტა, შესაძლოა, ყველგან არ მოხდეს, მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც გაიხსნება ჰუმანიტარული დერეფნები. „ამ მიზნით, უახლოეს პერიოდში ორგანიზებული იქნება სპეციალური არხები ურთიერთქმედებისთვის და ფორმირებული იქნება შესაბამისი ლოჯისტიკური პროცედურები“.
თუმცა, მისი თქმით, უკრაინულმა მხარემ ვერ მიღო ის შედეგები, რომელსაც ელოდნენ.
„სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივიღეთ ის შედეგები, რისი იმედიც გვქონდა“, - თქვა პოდოლიაკმა.
მისი თქმით, მხარეებმა განიხილეს ჰუმანიტარული ასპექტი, რადგან ბევრი ქალაქი არის გარშემორტყმული და საკვებ პროდუქტებთან, მედიკამენტებთან დაკავშირებული სიტუაცია დრამატულია.
მისივე თქმით, მხარეები შეთანხმდნენ მესამე რაუნდზე, რომელიც უახლოეს ვადებში გაიმართება.