რუსეთის პრეზიდენტმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გააჟღერა კრემლის პროპაგანდისტული გზავნილები და განაცხადა, რომ უკრაინაში "რუსეთის სამხედრო ოპერაცია" გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
თავის გამოსვლაში პუტინმა შეაქო რუსი ჯარისკაცების "სიმამაცე" და მათ "ნამდვილი გმირები" უწოდა.
პუტინი ამბობს, რომ უკრაინელები და რუსები "ერთი ხალხია", მაგრამ უკრაინელებს "ემუქრებიან და ტვინს ურეცხავენ".
აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი უკრაინაში "ნეონაცისტებს ებრძვის" და უკრაინის ხელისუფლება "მშვიდობიან მოქალაქეებს ფარად იყენებს".
უკრაინის განცხადების საპირისპიროდ, პუტინი ირწმუნება, რომ რუსულმა ძალებმა უზრუნველყო ჰუმანიტარული დერეფნები მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუციისთვის, მაგრამ "უკრაინები ნაციონალისტები" ბლოკავენ მათ.
პუტინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" გეგმის მიხედვით ხორციელდება.
"ყველა მიზანს, რომელიც დავისახეთ, მივაღწიეთ ან მივაღწევთ წარმატებით", - თქვა პუტინმა.
დასავლური დაზვერვის ცნობით, რუსეთის უკრაინაში ინტერვენცია კრემლის მიერ დაგეგმილ განრიგს ჩამორჩება.