"უკრაინის სახელმწიფო პოლიტიკაში არსებითი როლი უკავიათ ნეონაცისტებს", - განუცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ემანუელ მაკრონს სატელეფონო საუბრისას.
მან უპასუხა მაკრონის გუშინდელ მიმართვას, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტმა სიცრუე უწოდა კრემლის განცხადებას, უკრაინაში ნეონაცისტების არსებობის შესახებ.
რუსული მედია პუტინს ციტირებს და წერს, რომ "კრემლი გააგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას ნეონაცისტური შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ, რომლებსაც ჩადენილი აქვთ სამხედრო დანაშაულები, ანთავსებენ საცხოვრებელ კვარტლებში სამხედრო ტექნიკას და მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებენ".
ასევე რუსული მედიის ცნობით, კრემლში აცხადებენ, რომ მაკრონის მიმართვაში არაფერია ნათქვამი უკრაინის ხელისუფლების მიერ მინსკის შეთანხმების შვიდწლიან "საბოტაჟზე".
"არაფერი იყო ნათქვამი იმის შესახებ, რომ დასავლეთის ქვეყნებმა და თვითონ საფრანგეთმაც სრულიად არაფერი გააკეთეს, რომ კიევისთვის [შეთანხმების] შესრულება ეიძულებინათ".
რუსული მედია წერს, რომ პუტინმა კვლავ წამოაყენა კიევის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების პირობები. მისი თქმით, უპირველესად საუბარია დემილიტარიზაციისა და უკრაინის ნეიტრალურ სტატუსზე - რომ მისი ტერიტორიიდან არასდროს შეექმნება საფრთხე რუსეთის ფედერაციას.
ამასთან, რუსული მედია აღნიშნავს, რომ სატელეფონო საუბრისას პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ამოცანა აუცილებლად შესრულდება.
"ხაზი გაესვა, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ამოცანები ნებისმიერ შემთხვევაში შესრულდება. დროის მოგების მცდლობა კი მოლაპრაკებების გაჭიანურების გზით, გამოიწვევს მხოლოდ იმას, რომ გაჩნდება კიევისადმი ჩვენი დამატებითი მოთხოვნები", - განაცხადეს კრემლში.