აგრესორი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა Al Jazeera-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მიესალმება უკრაინის მზადყოფნას ისაუბრონ "უსაფრთხოების გარანტიებზე" გომელის [ბელარუსი] მოლაპარაკებებზე, თუმცა არ დაუზუსტებია რომელ "უსაფრთხოების გარანტიებზეა" საუბარი - კიევის თუ მოსკოვის.
"პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, მზადყოფნის, უფრო სწორად სურვილის შესახებ განიხილოს უსაფრთხოების გარანტიები, მიმაჩნია, რომ ეს პოზიტიური ნაბიჯია. ჩვენი მომლაპარაკებლები მზად არიან მეორე რაუნდისთვის ამ გარანტიებზე სასაუბროდ უკრაინის წარმომადგენლებთან", - განაცხადა ოკუპანტმა ლავროვმა.
მისი თქმით, რუსეთის "უსაფრთხოების გარანტიები" მის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის ფონზე "არ უნდა შეფასდეს, როგორც უკრაინის კაპიტულაცია".
მისივე თქმით, რუსეთი უკრაინას სთავაზობს შეთანხმებას. "მან უნდა უზრუნველყოს უკრაინაში მცხოვრები ყველა ხალხის უფლებები".
რაც შეეხება ყირიმს, ლავროვის თქმით, ეს საკითხი მოლაპარაკებებზე განხილული არ იქნება და ეს თემა დახურულია. "ყირიმი რუსეთის ნაწილია", - თქვა აგრესორმა ლავროვმა.
ამასთან, ოკუპანტმა ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთის საომარი მოქმედებების მიზანია უკრაინის დემილიტარიზაცია და "დენაციფიკაცია".
მისი თქმით, უკრაინამ უნდა გაიაროს "დენაციფიკაცია", ისევე, როგორც ფაშისტური გერმანია დაექვემდებარა ამ პროცედურას".