რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო ვერ დაესწრება.
როგორც ცნობილია, ევროკავშირმა რუსეთს საჰაერო სივრცე დაუხურა. ლავროვს კი ჟენევში გაფრენა რუსეთის სამთავრობო თვითმფრინავით სურდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიცილური წარმომადგენლის მარია ზახაროვას თქმით, რუსეთის დელეგაციას სთხოვენ "რაღაც დოკუმენტების გაფორმებას, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებმა იმ ბორტებისთვის გამოიგონეს, რომლებიც სანქციების ქვეშ მოყვა".
"რა სისულელეა! რა დოკუმენტები. რა წესები, რა ინსტრუქციები, ეს რა არის?", - განაცხადა აღშფოთებულმა ზახაროვამ.
მისი თქმით, რუსეთი არ შესრულებს სანქციებით გამოწვეულ მოთხოვნებს.
"ეს არის გაეროსა და იმ ქვეყნის მოვალეობა, სადაც ტარდება [სხდომა], უზრუნველყოს წევრი ქვეყნების მუშაობა, მით უფრო კრიზისის დროს", - თქვა ზახაროვამ.
ამრიგად, ლავროვი გაეროს მაღალი დონის შეხვედრებს ვერ დაესწრება.
ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასაგმობად და დებატების გასამართად დასავლელი ლიდერები იკრიბებიან. სხდომა ხვალ უნდა გაიმართოს.