ძალიან შეშფოთებულები ვართ რუსეთის მიერ შექმნილი კრიზისის გამო, ათასობით ადამიანი დევნილია, ასობით დაჭრილია, ეს არის რუსეთის მიერ შექმნილი და დაწყებული ომი, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ელჩის განმარტებით, რუსეთის აგრესიას მთელი საერთაშორისო საზოგადოება აღუდგა წინ, საქართველომ ხმამაღლა დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევა.
„ძალიან სასარგებლო შეხვედრა მქონდა ბატონ პაპუაშვილთან. ჩვენ განვიხილეთ კონსულტაციები ვაშინგტონში, ასევე რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ჩემი ვაშინგტონში გამართული შეხვედრების დროს აშკარად ითქვა, რომ ევროატლანტიკური გზის მიმართ საქართველოს ფართო მხარდაჭერა გრძელდება და მომავალშიც გაგრძელდება. ცხადია, ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ რუსეთის მიერ შექმნილი კრიზისის გამო, ათასობით ადამიანი დევნილია, ასობით დაჭრილია, ეს არის რუსეთის მიერ შექმნილი და დაწყებული ომი. უკრაინელი ხალხის ვაჟკაცური პასუხი შთამაგონებელია ჩვენთვის. რუსეთის აგრესიას მთელი საერთაშორისო საზოგადოება აღუდგა წინ, საქართველომ ხმამაღლა დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევა. ვნახეთ საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაწესებული სანქციები. გავაგრძელებთ უკრაინის მიმართ მხარდაჭერას და შევინარჩუნებთ ერთიანობას. ამ მომენტში ერთიანობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი შეტყობინება, რაც შეგვიძლია გავუგზავნოთ რუსეთს. რომ საერთაშორისო საზოგადოება ინარჩუნებს ერთიანობას ევროპული უსაფრთხოებისა და იმ პრინციპების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმის ფრონტზე, რომელმაც ბოლო 30 წლის განმავლობაში უსაფრთხოება და კეთილდღეობა შეგვინარჩუნა“, - აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.