ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში, ყველაზე დიდ სახელმწიფოში მიმდინარეობს ომი და უკრაინის დედაქალაქი იბომბება და ამის შემჩერებელი დღეს ვხედავთ, რომ არავინ არის. ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არ არის ეფექტური საშუალება და ისიც ვთქვათ, რომ დღეს უკრაინაში ვინ ომობს? - ომობს უკრაინელი ჯარისკაცი, უკრაინის ჯარი, ამიტომ ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყანა და მთელი მსოფლიო დღეს ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე. ამ სიტუაციაში ყოველგვარი ემოცია, ყოველგვარი გაუთვლელი ნაბიჯები, გაუთვლელი სიტყვა, ქმედება არის ძალიან დიდი რისკის შემცველი და ჩვენ, როგორ ხელისუფალნი, რომელიც პასუხისმგებელნი ვართ როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაზე, რა თქმა უნდა, მოგვეთხოვება პასუხი და პასუხისმგებელნი ვართ ყველაფერზე. მე ჩემს გამოსვლაში, მიმართვაში ვთქვი, რომ მე, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი არაფერს გავაკეთებ, რომელიც შეეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესებს, არაფერს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას კარგად აქვს გააზრებული ის საფრთხე და რისკები, რომელიც დღეს მთელი ევროპის უსაფრთხოების სისტემის მიმართ არსებობს.
„მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესებით ვიხელმძღვანელებ, მიუხედავად იმ რაღაც ე.წ. ოპოზიციის ნარატივისა, რომელიც ჩამოყალიბდა, რომლითაც ისინი სპეკულირებენ. კარგად გვახსოვს, თუ როგორ დაკარგა ქვეყანამ ახალი ტერიტორიები, როგორ ჩააბარა სააკაშვილმა კოდორი, რომელსაც რამდენიმე ხნით ადრე დაარქვა პროვოკაციულად ზემო აფხაზეთი და ჩააბარა ახალგორი, ასზე მეტი სოფელი და ათასობით ჩვენი მოქალაქე აქცია დევნილობაში, ჩვენს საკუთარ ტერიტორიაზე. ომის შედეგები ძალიან მძიმეა, ამან გამოიწვია რა თქმა უნდა აღიარება ჩვენი ძირძველი ტერიტორიების და დასრულდა ეს უბედურება, ეს ტრაგედია რუსეთის ოკუპაციით. რუსეთის ჯარმა, მინდა შევახსენო ყველას, 2007 წელს დატოვა ბოლო შენაერთმა ჩვენი ტერიტორია და სულ რამდენიმე თვეში აი, ამ უგუნურმა და გაუთვლელმა ემოციურმა პოლიტიკამ და პროვოკაციების ვერ აცილებამ მიგვაღებინა ომი, უბედურება და ქვეყნის ნგრევა. საბოლოო ჯამში ვინ დაიჩაგრა? ისევ ხალხი, ჩვეულებრივი, უბრალო ხალხი, ის უბრალო ოჯახის შვილები, ჯარისკაცები, რომლებმაც თავი გაწირეს ჩვენი ქვეყნისთვის. დაიჩაგრა ჩვენი ქვეყანა, ეგ თაობები დაიჩაგრა და პოლიტიკოსებმა რა ქნეს? გააგრძელეს მოღვაწეობა სააკაშვილის ხელმძღვანელობით. გააგრძელეს ქვეყნის ძარცვა და მოქალაქეების ჩაგვრა, წამება, გაუპატიურება, მკვლელობა, ბიზნესების და ქონებების წართმევა. მინდა, ერთი მაგალითი მოვიყვანო - კეზერაშვილი, რომელიც მაშინ იყო თავდაცვის მინისტრი, ომის დროს, ომის დროსაც კი რიცხავდა საკუთარ ოფშორულ ანგარიშებზე ბიუჯეტის ფულებს, ჯარის, თავდაცვის ბიუჯეტის ფულებს რიცხავდა ბატონი კეზერაშვილი ყველაზე დიდი კორუმპირებული, რომელიც დღეს პროვოკაციულ ანტიკორუფციულ მოძრაობას აფინანსებს ქვეყანაში,“- განაცხადა პრემიერმა.