გერმანია ნიდერლანდებს დაეთანხმა უკრაინაში გაგზავნოს 400 რეაქტიული ყუმბარმტყორცნი რუსი აგრესორების წინააღმდეგ საბრძოლველად, რაც მოწმობს ბერლინის სამხედრო პოლიტიკის მკვეთრ ცვლილებას ევროკავშირისა და ნატოს მხრიდან ზეწოლის ფონზე. ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.
ამ დრომდე გერმანია არ იძლეოდა ნებართვას მისი კონტროლის ქვეშ მყოფი ლეტალური იარაღის გაგზავნაზე უკრაინაში. გერმანიის პოზიცია შეიცვალა დასავლელი მოკავშირეების მზარდი მობილიზაციის ფონზე, რომლებიც უკრაინაში სულ უფრო მეტი შეიარაღების, საბრძოლო მასალისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნას უჭერენ მხარს.
აღნიშნული გადაწყვეტილება სწრაფად გაზრდის უკრაინის სამხედრო დახმარებას, რამდენადაც იარაღისა და საბრძოლო მასალის დიდი ნაწილი წარმოებულია გერმანიაში, რაც ბერლინს აძლევს კანონიერი კონტროლის საშუალებას მათ გაგზავნაზე.
თუმცა, ბერლინის პოზიციის ცვლილება არ ნიშნავს იმას, რომ იარაღის მიწოდების ყველა საკითხი გადაიჭრება, რადგან თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილება.
გერმანიის იარაღის ექსპორტის პოლიტიკის თანახმად, გერმანული წარმოების იარაღის მესამე ქვეყნისთვის გადაცემა, მხოლოდ ბერლინის თანხმობით უნდა მოხდეს.
ამავე პოლიტიკის მიხედვით, გერმანია კონლიფქტის ზონებში იარაღის მიწოდებისგან თავს იკავებს.
ფოტოზე: გერმანელი სამხედროები ლიეტუვაში