უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღენახევრის განმავლობაში, უკრაინაში შეჭრილმა რუსეთის არმიამ 1000-ზე მეტი სამხედრო დაკარგა.
უკრაინის სახმელეთო ძალებმა განაცხადეს, რომ რუსულმა ძალებმა დიდი დანაკარგები განიცადეს ბილოვოდსკის რეგიონში ლუგანსკში, აღმოსავლეთ უკრაინაში.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ცნობა, რომ კიევის დასაცავად დედაქალაქში უკრაინული სამხედრო მანქანები შევიდნენ.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, კიევი თავდაცვის ფაზაშია, "სიტუაცია კი ძალიან რთულია".
24 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში შეიჭრნენ.
რუსეთის ოკუპაციურმა ძალებმა უკრაინაზე თავდასხმა ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განახორციელეს.
24 თებერვალს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინებოდა, რომ რუსმა სამხედროებმა უკრაინაში 74 სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტი გაანადგურეს, მათ შორის 11 აეროდრომი და საზღვაო ბაზა.
რუსმა აგრესორებმა ხელში ჩაიგდეს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური და კიევთან ახლოს მდებარე გოსტომელის აეროპორტი.
25 თებერვალს, გამთენიისას რუსმა ოკუპანტება კიევზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს. ტროეშინის რაიონში ზედიზედ 6 აფეთქება მოხდა. უკრაინის შს მინისტრის მოადგილის ანტონ გერაშენკოს ცნობით, სავარაუდოდ, გამოყენებული იყო ბალისტიკური რაკეტები.
კიევში უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსული საფრენი აპარატი ჩამოაგდო. ის დედაქალაქის დარნიცკის რაიონში ჩამოვარდა და 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეცა. ვრცელდება ინფორმაცია 8 დაშავებულის შესახებ.
კიევში გამოცხადებულია კომენდანტის საათი. მედიის ცნობით, კიევის მერიის გადაწყვეტილებით, ქალაქის შესასვლელებთან თავდაცვითი ნაგებობების მშენებლობა მიმდინარეობს.
რუსეთის სამხედრო ინტერვენციის დაწყებიდან მალევე, უკრაინამ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია. მალევე, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებით, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყდა.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის, რუსეთის სარაკეტო იერიშებს 40-ზე მეტი სამხედრო ემსხვერპლა. დაღუპულია ათამდე მშვიდობიანი მოქალაქე.
ფოტოზე: უკრაინელი ჯარისკაცები კიევის მისადგომებთან