ნატომ უფრო კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას და არ შემოიფარგლოს მხოლოდ განცხადებებით - აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
სააგენტო Anadolu-ს ცნობით, ამის შესახებ ერდოღანმა სტამბოლში პარასკევის ლოცვის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ერდოღანის განცხადებით, სამწუხაროდ, ევროკავშირს და ყველას, ვინც დასავლეთს მიაკუთვნებს თავს, ჯერ არ გამოუვლენია სერიოზული და გადამწყვეტი პოზიცია უკრაინის საკითხზე.
"ისინი მხოლოდ უამრავ რჩევას აძლევენ უკრაინას. კონკრეტული ნაბიჯები არ არის. რჩევა გრძელდება დღემდე. ამ საკითხებთან დაკავშირებით ნატოს დღევანდელ სამიტზე ვიმსჯელებთ", - თქვა ერდოღანმა.
"დღეს ჩვენ გავეცნობით ნატოს სამიტის მონაწილეთა პოზიციას. თურქეთის პოზიცია [უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით] ძალიან მკაფიოა. როგორც ჩანს, ნატოს ბლოკმა უფრო მკაფიო პოზიცია უნდა გამოამჟღავნოს. ჩვენი პოზიცია გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს მივაწოდეთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.