პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა სწავლობს უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების საჭიროებებს და მოთხოვნისთანავე უზრუნველყოფს მის მიწოდებას.
„ჩვენს საზოგადოებას შევახსენებ, რომ
1. საქართველოს პარლამენტი იყო მსოფლიოში მეორე პარლამენტი რომელმაც მიიღო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია.
2. საქართველო იყენებს ყველა საერთაშორისო პლატფორმას (გაერო, ეუთო, ევროსაბჭო, ევროკავშირის ფორმატები) საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად და ომის შეწყვეტისთვის ქმედითი ღონისძიებების გასატარებლად. მხოლოდ ბოლო სამი დღის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე მონაწილეობდა ვენაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში. თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია მონაწილეობდა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობდა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში. ყველა ამ ფორმატში მსჯელობა რა თქმა უნდა შეეხებოდა უკრაინას და რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს.
3. საქართველოს ელჩი უკრაინაში და კონსული დღემდე რჩებიან კიევში, ხაზს ვუსვამ, დღემდე ისინი იმყოფებიან კიევში და არიან კავშირზე უკრაინის ხელისუფლებასთან და უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან.
4. საქართველოს მთავრობამ, საქართველოში უკრაინის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, დაიწყო საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტის გამო საქართველოში დარჩენილი უკრაინის მოქალაქეების განთავსება სასტუმროებში.
5. საქართველოს მთავრობა სწავლობს უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების საჭიროებებს და მოთხოვნისთანავე უზრუნველყოფს მის მიწოდებას", აცხადებს პაპუაშვილი.