დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები გამოაცხადა.
"ეს უფლებამოსილება სრულად მოგვცემს შესაძლებლობას, გავთიშოთ რუსული ბანკები დიდი ბრიტანეთის ფინანსური სისტემიდან... ჩამოვართვათ მას წვდომა ფუნტ სტერლინგებთან და დიდი ბრიტანეთის მეშვეობით გადახდების განხორციელებასთან. რამდენადაც რუსეთის ვაჭრობის ნახევარი ხორციელდება დოლარებსა და ფუნტ სტერლინგებში, მოხარული ვარ თემთა პალატას ვაცნობო, რომ შეერთებული შტატები მიიღებს ანალოგიურ ზომებს", - განაცხადა ჯონსონმა.
მან განაცხადა, რომ თანხის ოდენობა, რომელსაც რუსეთის მოქალაქეები დიდ ბრიტანეთში თავიანთ საბანკო ანგარიშებზე შეიტანენ, შეზღუდული იქნება.
მისი თქმით, რუსულ ავიაკომპანია "აეროფლოტს" აეკრძალება ფრენები დიდ ბრიტანეთში, აიკრძალება მაღალი ტექნოლოგიური პროდუქციის ექსპორტი.
ჯონსონმა განაცხადა, რომ ანალოგიური ზომები იქნება მიღებული ბელარუსის მიმართაც.
"ოლიგარქები ლონდონში ვერსად დაიმალებიან", - დასძინა მან.
დიდი ბრიტანეთის მთავრობა გაყინავს ყველა რუსული მსხვილი ბანკის აქტივებს, მათ შორის სიდიდით მეორე რუსული ბანკის VTB-ის აქტივებს, რომლის აქტივებიც 154 მლრდ ფუნტ სტერლინგს შეადგენს. ასევე ბრიტანეთს განზრახული აქვს კანონის მიღება, რომელიც აუკრძალავს რუსულ კომპანიებს მიიზიდოს კაპიტალი დიდი ბრიტანეთის ბაზრებზე.
ბრიტანეთი ასევე სანქციებს დაუწესებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და მათ შვილობილ კომპანიებს, რომლის შემადგენლობაშიც შედის რუსეთის უმსხვილესი თავდაცვითი კომპანია Ростех.
სანქციათა სრული პაკეტი გავრცელდება რუსეთის მოკავშირე ბელარუსზეც.