უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო მოქმედებები მიუღებელია, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა სატელევიზიო მიმართვაში.
"ეს ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და არის დარტყმა რეგიონული სტაბილურობისა და მშვიდობისთვის", - განაცხადა ერდოღანმა.
ერდოღანის თქმით, ის ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის და კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.
"გულწრფელად ვწუხვართ, რომ რუსეთი და უკრაინა, რომლებსაც ჩვენ [თურქეთის] მეგობარ ქვეყნებად ვთვლით და გვაქვს მჭიდრო პოლიტიკური და სოციალური ურთიერთობები, ამ დაპირისპირებაში აღმოჩნდნენ", - თქვა ერდოღანმა.
"ჩვენი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ უკრაინაში მცხოვრები ყველა ადამიანის, განსაკუთრებით ჩვენი მოქალაქეების და რეგიონში მცხოვრები თათრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", - დასძინა მან.
მანამდე, განცხადება გაავრცელა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სადაც აღნიშნა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა აბსოლუტურად მიუღებელი ნაბიჯია.