გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სახელმწიფოთა ლიდერების სასწრაფო შეხვედრის მოწოდებით გამოდის.
ბორის ჯონსონმა რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში აღწერა, როგორც "კატასტროფა ევროპის კონტინენტისთვის".
ამავდროულად, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით "დიდი შვიდეულის" ლიდერებთან გამართავს საუბარს. მოგვიანებით, კი ბრიტანელ ერს მიმართავს.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დღეს დილით, დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. 24 თებერვალს, გამთენიისას რუსეთის არმია თავს დაესხა უკრაინას. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
რუსეთის ჯარებმა განახორციელეს სარაკეტო თავდასხმები ბორისპოლის, ოზერნის, კულბაკინოს, ჩუგუევის, კრამატორსკის, ჩერნობაევკას აეროდრომებზე, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ობიექტებზე. უკრაინის არმია მძლავრ წინააღმდეგობას უწევს ოკუპანტის არმიას.