ომის შეჩერების ერთადერთი ინსტრუმენტი არის საერთაშორისო საზოგადოების ქმედითი ღონისძიებები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, აპირებს, რომ უკრაინის ელჩს შეხვდეს.
„არ მგონია, პარლამენტის საგანგებო სხდომის მოწვევის საჭიროება იყო. ვაპირებ, შევხვდე უკრაინის ელჩს და მისგანაც მივიღო ინფორმაცია. სამწუხაროდ, ომის თავიდან აცილება ვერ მოხდა და ახლა მთავარია ომის შეჩერება. ამის ერთადერთი ინსტრუმენტი არის საერთაშორისო საზოგადოების ქმედითი ღონისძიებები. იმისათვის, რომ ომი შეჩერდეს, ეს ინსტრუმენტები საერთაშორისო თანამეგობრობის ხელშია, ამას ყველანაირად ხელს შევუწყობთ. ახლა პარლამენტში ამ საკითხის განხილვის დიდ საჭიროებას ვერ ვხედავ. ვაპირებ უკრაინის ელჩს შევხვდე. პრეზიდენტ ზელენსკის მიმართვა მოისმინეთ. მთავარი მიზანია ომის შეჩერება, სიმშვიდისა და სიმტკიცის შენარჩუნება. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ. აქედან გამომდინარე, საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა მოახერხოს, რომ ეს პროცესი შეაჩეროს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.