უკრაინამ ოფიციალური თხოვნით მიმართა თურქეთს, დახუროს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები რუსული გემებისთვის. ამის შესახებ თურქეთში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვასილი ბოდნარმა ანკარაში უკრაინის საელჩოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ახლა მთავარია უკრაინის მხარდაჭერა. მივმართავ თურქ ხალხს და თურქეთის ხელისუფლებას, დაეხმარონ უკრაინას. მოვუწოდებთ საჰაერო სივრცის დახურვისა და რუსული გემებისთვის ბოსფორისა და დარდანელის გასასვლელის დახურვისკენ. ოფიციალური მოთხოვნა გაეგზავნა თურქულ მხარეს“, - განაცხადა ბოდნარმა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დღეს დილით, დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. 24 თებერვალს, გამთენიისას რუსეთის არმია თავს დაესხა უკრაინას. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
რუსეთის ჯარებმა განახორციელეს სარაკეტო თავდასხმები ბორისპოლის, ოზერნის, კულბაკინოს, ჩუგუევის, კრამატორსკის, ჩერნობაევკას აეროდრომებზე, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ობიექტებზე. უკრაინის არმია მძლავრ წინააღმდეგობას უწევს ოკუპანტის არმიას.