შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სანქციები დაუწესა რუსული გაზსადენის პროექტის "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის ოპერატორ კომპანიას Nord Stream 2 AG-ის. აღნიშნულის თაობაზე თეთრი სახლი იტყობინება.
"დღეს მე დავავალე ჩემს ადმინისტრაციას, უზრუნველყოს სანქციების დაწესება Nord Stream 2 AG-ისა და მისი ოფიციალური პირების წინააღმდეგ", - ნათქვამია პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებაში.
"ეს ნაბიჯი არის ჩვენი სანქციების პირველი ეტაპის კიდევ ერთი ნაწილი უკრაინაში რუსეთის ქმედებებზე საპასუხოდ. როგორც მე ნათლად განვაცხადე, არ მოვერიდებით შემდგომი ნაბიჯების გადადგმას, თუ რუსეთი გააგრძელებს ესკალაციას", - ნათქვამია განცხადებაში.
ბაიდენის განცხადებით, შეერთებული შტატები მჭიდრო კოორდინაციაშია გერმანიის ხელისუფლებასთან, რათა გაზსადენის პროექტმა წინ ვერ წაიწიოს.
თავის განცხადებაში აშშ-ის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს მჭიდრო თანამშრომლობისთვის.
22 თებერვალს გერმანიის კანცლერმა შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია აჩერებს "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის სერტიფიცირების პროცესს, რომლის გარეშეც ეს გაზსადენი ექსპლუატაციაში ვერ შევა.