სანქციებამდე მისვლაზეც კი არ არის ლაპარაკი, ჩვენი ეროვნული მომავლისთვის რაც მნიშვნელოვანია თუ კი პუტინის რუსეთი კიდევ უფრო გაამწვავებს აგრესიას, რაც არასდროსაა გამორიცხული, რომ დაცულები ვიყოთ უფრო და როდესაც ისტორიული შანსი გვექნება, როცა რუსეთი დასუსტდება, რაც გარდაუვლად მოხდება, მაგ მომენტში გავაღწიოთ და საფრთხე შევიმციროთ, ამისთვის არ აკეთებს არაფერს ეს ხელისუფლება - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სანქციებამდე სანამ მივალთ, დღეს საქართველოს ხელისუფლებამ მკაფიო პოზიცია უნდა დააფიქსიროს საერთაშორისო ასპარეზზე პროაქტიულად და არა ვალის მოხდის მიზნით.
"ჩვენი ეროვნული ინტერესი უნდა წამოიწოს წინ ანუ რასაც უკრაინის ხელისუფლება გვთავაზობდა, რომ უკრაინის ოკუპაციასა და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის საკითხთან ერთად საქართველოს ოკუპაცია და საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები იყოს ნაწილი თავისუფალი სამყაროს ფუნდამენტური პრეტენზიისა პუტინის რუსეთის მიმართ, ამ საკითხში უნდა ეაქტიურა და ეცადა. ჩვენ ვიცით, რომ როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა ეს შესთავაზა საქართველოს ხელისუფლებას, ამას ისინი დუმილით შეხვდნენ ანუ ეს არის მთავარი პრობლემა, სანქციებამდე მისვლაზეც კი არ არის ლაპარაკი, ჩვენი ეროვნული მომავლისთვის რაც მნიშვნელოვანია თუ კი პუტინის რუსეთი კიდევ უფრო გაამწვავებს აგრესიას, რაც არასდროსაა გამორიცხული, რომ დაცულები ვიყოთ უფრო და როდესაც ისტორიული შანსი გვექნება, როცა რუსეთი დასუსტდება, რაც გარდაუვლად მოხდება, მაგ მომენტში გავაღწიოთ და საფრთხე შევიმციროთ როგორც ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ამისთვის არ აკეთებენ არაფერს არა თუ სანქციებთან შეერთებაზე საუბარი. ეგ არის ძირითადი პრობლემა", - აცხადებს გიგა ბოკერია.