შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც რუსეთის მიერ აღიარებული სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.
"რუსეთის მიერ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარება ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებებით მასზე ნაკისრ ვალდებულებებს და დამატებით საფრთხეს უქმნის უკრაინის მშვიდობას, სტაბილურობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ამგვარად, წარმოადგენს განსაკუთრებულ საფრთხეს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკისთვის", - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სანქციების თანახმად, სეპარატისტულ რეგიონებში იკრძალება აშშ-ის მოქალაქეთა/ბიზნესის ფინანსური საქმიანობა და ინვესტიციები. ასევე ნებისმიერი პროდუქციის, მომსახურების ან ტექნოლოგიების ამ რეგიონებიდან აშშ-ში შეტანა ან აშშ-დან ამ რეგიონებში ექსპორტი.
თეთრი სახლი აღნიშნავს, რომ სანქციების ეს პაკეტი განსხვავდება იმ ეკონომიკური შეზღდვებისგან, რომელსაც ვაშინგტონი, მოკავშირეებთან კოორდინაციით, ამზადებს.
შეგახსენებთ, 21 თებერვალს რუსეთმა ცნო ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების "სუვერენიტეტი". ამავდროულად, პუტინმა თავდაცვის სამინისტროს, სეპარატისტულ რეგიონებში "მშვიდობის უზრუნველსაყოფად" ჯარების გაგზავნა უბრძანა". დასავლეთმა მკაცრად დაგმო პუტინის გადაწყვეტილება.