რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა" აღიარა. შესაბამის განკარგულებას პუტინმა ცოტა ხნის წინ კრემლში მოაწერა.
განკარგულების ხელმოწერის ცერემონიას სეპარატისტი ლიდერები დენის პუშილინი და ლეონიდ პასეჩნიკი ესწრებოდნენ. ამავდროულად, პუტინმა და კრემლის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა რუსეთთან თანამშრომლობის მემორანდუმებს მოაწერეს ხელი.
კრემლში რუსეთის უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მეთაურობდა. საბჭოს სხდომაზე განიხილეს სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარების საკითხი.
რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის ცნობის საკითხს.
დასავლეთის ლიდერებმა მოუწოდეს პუტინს, არ ცნოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ გააფრთხილეს.