რუსეთის ჯარები ბელარუსში დარჩებიან, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ გაცხადებული გეგმის თანახმად, რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი წვრთნები "საკავშირო სიმტკიცე 2022" 20 თებერვალს უნდა დასრულებულიყო.
ბელარუსის თავდაცვის მინისტრის ვიქტორ ხრენინის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ბელარუსის მმართველმა ლუკაშენკამ გადაწყვიტეს, გაეგრძელებინათ ერთობლივი საპასუხო ძალების შემოწმება.
"საკავშირო სახელმწიფოს გარე საზღვრებთან სამხედრო აქტივობის გაზრდისა აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის გამწვავების გამო", - დასძინა ხრენინმა.
მისივე თქმით, წვრთნების მსვლელობისას "შეიმუშავებენ თავდაცვის შემდგომ ეტაპებს".
ჯერ კიდევ 16 თებერვალს, მინსკი ირწმუნებოდა, რომ წვრთნების "საკავშირო სიმტკიცე 2022"-ის დასრულების შემდეგ, რუსი ჯარისკაცები და სამხედრო ტექნიკა ბელარუსს დატოვებდნენ.
ბელარუსის პრეზიდენტი ლუკაშენკა, საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტორები აცხადებდნენ, რომ წვრთნების დასრულების შემდეგ, არცერთი სამხედრო ბელარუსში არ დარჩებოდა.
ბელარუს-რუსეთის ერთობლივი სამხედრო წვრთნების "საკავშირო სიმტკიცე 2022" მეორე ეტაპი 10 თებერვალს დაიწყო და 20 თებერვალს უნდა დასრულებულიყო. რუსეთი ირწმუნებოდა, რომ წვრთნების დასრულების შემდეგ, ჯარებს ბელარუსიდან გაიყვანს.
ბელარუსში რუსეთის სამხედროების მასშტაბური ყოფნა დასავლეთს აშფოთებს. სამხედრო ანალიტიკოსების თქმით, არ არის გამორიცხული, რუსეთმა უკრაინაზე იერიში ბელარუსიდანაც მიიტანოს.