არსებული მონაცემები ადასტურებს იმას, რომ რუსეთი 1945 წლის შემდეგ ყველაზე დიდ ომს გეგმავს ევროპაში. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა BBC-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დასავლელ ლიდერებს დაზვერვის პროგნოზის შესახებ ესაუბრა. დაზვერვის ვარაუდით, რუსული ჯარები უკრაინაში შეჭრას არა მხოლოდ აღმოსავლეთიდან - დონბასის მხრიდან, არამედ ბელარუსიდანაც აპირებენ.
"ვშიშობ, გეგმა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, განკუთვნილია რაღაც ისეთისთვის, რაც შესაძლოა, ნამდვილად გახდეს უდიდესი ომი 1945 წლის შემდეგ ევროპაში, მხოლოდ მასშტაბების თვალსაზრისით", - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა.
ჯონსონის თქმით, არსებობს ყველა ნიშანი იმისა, რომ "გეგმა გარკვეული თვალსაზრისით უკვე დაწყებულია". შეკითხვაზე კვლავ გარდაუვლად მიიჩნევა თუ არა რუსეთის შეჭრა, ჯონსონმა განაცხადა: "ვშიშობ, ამაზე მიუთითებს მტკიცებულებები, მათ ვერ შევალამაზებთ". მისივე თქმით, ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ პოტენციური მსხვერპლი არა მხოლოდ უკრაინელების, არამედ ახალგაზრდა რუსების მხრიდანაც.
ჯონსონმა ასევე აღნიშნა, რომ ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრ სანქციებს დააწესებს, ვიდრე ეს ადრე იყო მოსალოდნელი. მისი თქმით, ბრიტანეთი და აშშ გააჩერებენ რუსულ კომპანიებს, რომლებიც ვაჭრობენ ფუნტებითა და დოლარებით. მისივე თქმით, ასეთი ნაბიჯი რუსეთს ძლიერ დარტყმას მიაყენებს.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლის დროს, ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგებს მთელი მსოფლიო იგრძნობს.