რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის სამხედრო ესკალაციის საფრთხემ შესაძლოა, მთლიანად შეცვალოს მსოფლიო წესრიგის მთელი არსებული სისტემა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
"დაუჯერებელია, რომ მსოფლიო თვალყურს ადევნებს ევროპის მიწაზე ჯარების ყველაზე მასშტაბურ თავმოყრას, ცივი ომის ყველაზე ბნელი დღეების შემდეგ. ამ დღეების მოვლენებმა შეიძლება შეცვალოს მთელი საერთაშორისო წესრიგი", - თქვა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, მოსკოვი "უსაფრთხოების გარანტიების" მოთხოვნით, ემუქრება 40 მილიონზე მეტ უკრაინელს.
"რუსეთი არღვევს გაეროს წესდებას, რომელიც ყველა ქვეყანას უკრძალავს გაეროს სხვა ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას", - დასძინა მან.
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსეთი და ჩინეთი "ახალი ეპოქის" შექმნას ესწრაფვიან, სადაც არსებული საერთაშორისო წესრიგი, რომელიც თანამშრომლობაზეა დაფუძნებული, იძულების გამოყენებით შეიცვლება.
ამავდროულად, ევროკომიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროპის კავშირი მზად არის უპასუხოს რუსეთის აგრესიას და მზად აქვს სანქციების მძლავრი პაკეტი.
მისივე თქმით, რუსეთმა უნდა გაითვალისწინოს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, მისი ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვნად შეიზღუდება.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ვეღარ დაეყრდნობა რუსეთს, როგორც ენერგიის მიმწოდებელს. მან რუსული კომპანიები დაადანაშაულა გაზის მიწოდების მიზანმიმართულ შემცირებაში და ევროპის გაზის საწყობებში მარაგების შემცირებაში, რასაც თან ახლავს ფასების ზრდა და გაზზე მოთხოვნა.