ცნობილი ამერიკელი მსახიობი ბრედ პიტი თავის ყოფილ მეუღლეს, მსახიობ ანჯელინა ჯოლის, საფრანგეთში მდებარე ვენახების წილის გაყიდვის გამო, უჩივის.
ბრედ პიტმა და ანჯელინა ჯოლიმ Chateau Miraval (შატო მირავალი) 2008 წელს შეიძინეს, 6 წლის შემდეგ კი იქორწინეს.
პიტის განცხადებით, ის და ანჯელინა შეთანხმდნენ, რომ ათავიანთ წილებს, ერთმანეთის ნებართვის გარეშე, არ გაყიდდნენ.
როგორც ირკვევა, ანჯელინა ჯოლიმ ვენახების წილი მიჰყიდა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიას, რომელსაც რუსი ოლიგარქი, იური შეფლერი ფლობს.
ბრედ პიტის ადვოკატების განცხადებით, შატო მირავალი, რომელიც მოიცავს სახლსა და ვენახებს საფრანგეთის სამხრეთში, სწორედ მისი ხელმძღვანელობით განვითარდა და საერთაშორისო წარმატების მაგალითად იქცა.
სარჩელში, რომელიც ხუთშაბათს, ლოს ანჯელესის სასამართლოს წარედგინა, ნათქვამია, რომ ბრედ პიტმა შეუწყო ხელი მომგებიანი გამხდარიყო ვენახები, რომელიც ვარდისფერი ღვინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მწარმოებელია მსოფლიოში.
"მან [ანჯელინა ჯოლიმ] გაყიდა თავისი წილი იმ ცოდნითა და განზრახვით, რომ იური შეფლერი და მისი კომპანიები ეცდებიან, ძირი გამოუთხარონ ბრედ პიტის ინვესტიციებს შატო მირავალში და მთლიანად გააკონტროლონ ბიზნესი, რომელსაც მსახიობმა თავი მიუძღვნა", - აღნიშნულია სარჩელში.
შატო მირავალი სოფელ კორენსში, სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში მდებარეობს. ის ბრედ პიტმა და ანჯელინა ჯოლიმ დაახლოებით 25 მილიონ ევროდ შეისყიდეს.
პიტი და ჯოლი ერთმანეთს 10 წელი ხვდებოდნენ, ვიდრე 2014 წელს დაქორწინდებოდნენ. განქორწინების შესახებ წყვილმა 2016 წელს განაცხადა.
ბრედ პიტის ადვოკატები ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ითხოვენ.