კრემლმა რუსეთში შეერთებული შტატების დიპლომატიური მისიის მეთაურის მოადგილე, რანგით მეორე დიპლომატი გააძევა. იტყობინება ტელეკომპანია CNN.
შეერთებული შტატები მოსკოვის ამ ნაჯიბს ვითარების ესკალაციად აღიქვამს.
"შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ რუსეთმა გააძევა შეერთებული შტატების დიპლომატიური მისიის უფროსის მოადგილე, ბარტ გორმანი. ის იყო ელჩის შემდეგ, ყველაზე მაღალი რანგის თანამდებობის პირი დიპლომატიურ მისიაში და საელჩოს ძირითადი გუნდის მთავარი წევრი", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
ვაშინგტონი საპასუხო ზომებს განიხილავს.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, რუსეთის ქმედება დიპლომატის მიმართ იყო დაუსაბუთებელი, რასაც ვაშინგტონი ესკალაციის გამომწვევ ნაბიჯად აღიქვამს და განიხილავს საპასუხო ქმედებას.
"მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ამერიკელი დიპლომატების და პერსონალის უსაფუძვლო გაძევება და ნაყოფიერად იმუშაოს ჩვენი მისიების აღსადგენად. ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყნებს ჰყავდეთ საჭირო დიპლომატიური პერსონალი, რათა ხელი შეუწყოს მთავრობებს შორის კომუნიკაციას", - თქვა სპიკერმა.