ფოთში ჩვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ დედას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო.
პროკურატურის ცნობით, 10 თებერვალს ფოთში ქალმა განზრახ მოკვლის მიზნით მისი ახალშობილი შვილი გაგუდა, შემდეგ კი საკანალიზაციო მილში მოათავსა.
ჩვილის ცხედარი 14 თებერვალს იპოვეს. იმავე დღეს დააკავეს ბავშვის დედა.
მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა. ქალს პატიმრობა შეეფარდა. თავის მხრივ, დაცვის მხარე გირაოს შეფარდებას ითხოვდა. ადვოკატის თქმით, ბრალდებული დედა ბრალს ნაწილობრივ აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა.
"განზრახვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, იმიტომ რომ გამოძიება მიმდინარეობს ამ საქმეზე, ექსპერტიზის დასკვნა არ დევს საქმეში. რაც შეეხება, თანამშრომლობას, ის თანამშრომლობს გამოძიებასთან. ბრალი ახალშობილის განზრახ მკვლელობაზე აქვს წარდგენილი, მაგრამ ფაქტობრივი გარემოებები სხვანაირადაა. ბრალს ნაწილობრივ ეთანხმება," - განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა.
შეგახსენებთ, 14 თებერვალს ფოთში, დევნილთა დასახლებაში ჩვილის ცხედარი მას შემდეგ ნახეს, რაც საკანალიზაციო მილი გაიჭედა და დასახმარებლად სანტექნიკოსი გამოიძახეს.