ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი ლიზ ტრასი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შესაძლოა ცდილობდეს მრავალი თვის განმავლობაში გააჭიანუროს უკრაინასთან დაკავშირებული კრიზისი დასავლეთის ერთიანობის გამოსაცდელად.
"ამჟამად, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთს გაჰყავს თავისი ჯარები უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებიდან", - წერს ტრასი The Daily Telegraph-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
ლიზ ტრასის თქმით, რუსეთს შეუძლია გააჭიანუროს ეს "თავხედური შეთქმულება კვირებით, თუ არა თვეებით, რათა ძირი გამოუთხაროს უკრაინას და დაუპირისპირდეს დასავლეთის ერთობას".
უკრაინის ირგვლივ არსებული კრიზისის ფონზე, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი უახლოეს დღეებში უკრაინასა და პოლონეთში ვიზიტებს გეგმავს.
"კიევსა და ვარშავაში, ის შეხვდება თავის უკრაინელ და პოლონელ კოლეგებს, დმიტრო კულებას და ზბიგნევ რაუს, რათა გამოხატოს "მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისადმი", - ნათქვამია ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უკრაინაში მოსალოდნელი ვიზიტის ფონზე, ლიზ ტრასმა კიდევ ერთხელ გააფრთხილა რუსეთი შეჭრის შემთხვევასი მასშტაბური და მძიმე შედეგების თაობაზე.
ბოლო დღეებია, რუსეთი ირწმუნება, რომ გაჰყავს თავისი ჯარების ნაწილები უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებიდან, ასევე ანექსირებული ყირიმიდან. საპასუხოდ, დასავლეთი აცხადებს, რომ ამის დამადასტურებელი არავითარი მტკიცებულება არ არსებობს. ნატოს გენერალური მდივნის თქმით, პირიქით, რუსეთი კიდევ უფრო აძლიერებს თავის სახმედრო წარმომადგენლობას უკრაინის საზღვრებთან.