ბერლინის 72-ე საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო ოქროს დათვი 68 წლის სახელგანთქმულ ფრანგ მსახიობს იზაბელ იუპერს გადაეცა.
საპატიო ოქროს დათვის დაჯილდოების ცერემონიალი 15 თებერვალს Berlinale Palast-ში გაიმართა.
დაჯილდოების ცერემონიალს იზაბლ იუპერი პირადად უნდა დასწრებოდა, მაგრამ მას კორონავირუსი დაუდასტურდა, ამიტომ ღონისძიებაში მონაწილეობა ტელეხიდის საშუალებით მიიღო.
იზაბელ იუპერმა ფესტივალის ადმინისტრაციას, აუდიტორიას და რეჟისორებს, რომელთა ფილმებშიც მიიღო მონაწილეობა მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, სწორედ ამ რეჟისორების დამსახურებაა, რომ საშუალება მიეცა, გამოეხატა თავისი დამოკიდებულება მსახიობის პროფესიის და კინოსამყაროს მიმართა.
"ვერ წარმომიდგენია სამყარო კინოს გარეშე, ყოველ შემთხვევაში ჩემი სამყარო. მიყვარს მათში [ფილმებში] მონაწილეობა და მიყვარს მათი ყურება. ისინი გვაძლევენ საშუალებას, ვიყოთ ბედნიერები", - თქვა მსახიობმა.
ბერლინალეს საპატიო ოქროს დათვის ტრადიციულად კინემატოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცემათ.
ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, იზაბელ იუპერი უფრო მეტია, ვიდრე ცნობილი მსახიობი, ის არის უკომპრომისო არტისტი, რომელიც არ ერიდება რისკებს და უგულვებელყოფს დამკვიდრებულ კლიშეებს.
ფესტივალის ფარგლებში აჩვენეს იზაბელ იუპერის ახალი ფილმი "ჯოანის შესახებ".
ბერლინის 72-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 2022 წლის 10 თებერვალს დაიწყო და 20 თებერვლამდე გასტანს.