სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის განცხადებაში ნათქვამია, რომ ლავროვთან საუბრისას, მდივანმა ბლინკენმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ვაშინგტონის მისწრაფება კრიზისის დიპლომატიური გადაწყვეტისკენ, რომელიც მოსკოვმა გამოიწვია.
ენტონი ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის მოსკოვის წერილობით პასუხს აშშ-ისა და ნატოს მიერ გასულ თვეში გაგზავნილ დოკუმენტებზე, სადაც განსახილველად შეთავაზებულია კონკრეტული თემები ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა შეერთებული შტატების შეშფოთება იმის გამო, რომ რუსეთს აქვს შესაძლებლობა ნებისმიერ დროს დაიწყოს უკრაინაში შეჭრა. ამასთან, ბლინკენმა აღნიშნა, რომ აუცილებელია გადამოწმებადი, სანდო და ფაქტებზე დამყარებული დეესკალაციისკენ მიმართული ნაბიჯების გადადგმა.
ბლინკენმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის შემდგომი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ გამოიწვევს სწრაფ, მკაცრ და ერთიან ტრანსატლანტიკურ პასუხს. ამავდროულად, დასძინა, რომ ვაშინგტონი რჩება დიპლომატიური გზის ერთგული და დარწმუნებულეია, რომ ჯერ კიდევ არის შანსი კრიზისის მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად.
დიპლომატების სატელეფონო საუბარს წინ უსწრებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომლის თანახმადაც, მოსკოვმა უკრაინის საზღვართან მობილიზებული რუსული ჯარების ნაწილის გაყვანა დაიწყო მუდმივი დისლოკაციის ადგილისკენ.