"ნაციონალური მოძრაობა" ითხოვს, ცესკო-ში აღდგეს ოპოზიციური პარტიების მიერ ჩახსნილი პროპორციული სიები. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
"ყველა იმ პარტიას, რომელსაც აქვს ქართველი ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი და რომელიც დღეს ბიძინა ივანიშვილის განკარგულებით უნდა ჩამოერთვას ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილს, უნდა შეივსოს გახსნილი სიებით, პროპორციული სიებით. ეს რეალურად იქნება ის პროპორცია, რაც ქართველმა ხალხმა გაყალბებულ, მაგრამ მაინც არჩევნებზე მიანიჭა ამ პოლიტიკურ პარტიებს", - თქვა ხატია დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, პარლამენტი ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება 15 თებერვლის პლენარულ სხდომაზე მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ ამ დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, საარჩევნო სიებში მათი ადგილმონაცვლეები ვეღარ შევლენ პარლამენტში, რადგან ეს სიები მანამდე ოპოზიციამ, საკუთარი სურვილით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ჩახსნა.
საარჩევნო სიების ჩახსნის არგუმენტად, ოპოზიციური პარტიები აცხადებდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა და პარლამენტშ შესვლას არ აპირებდნენ. საარჩევნო სიები ოპოზიციამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე კვირაში ჩახსნა.
ფოტო: RFE/RL