რუსეთის უკრაინაში შეჭრის საფრთხის ფონზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიტყვით მიმართა უკრაინელებს და 16 თებერვალი ერთიანობის დღედ გამოაცხადა.
ვიდეომიმართვის კვალდაკვალ სახელმწიფოს მეთაურის ვებრგვერდზე გამოქვეყნდა განკარგულება "უკრაინის კონსოლიდაციის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ".
"ჩვენ გვემუქრებიან დიდი ომით და კიდევ ერთხელ დანიშნეს სამხედრო შემოჭრის თარიღი. ეს არ არის პირველი შემთხვევა. მაგრამ ჩვენი სახელმწიფო დღეს უფრო ძლიერია ვიდრე ოდესმე. გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე. მაგრამ ჩვენ თავდასხმის დღეს ერთიანობის დღედ ვაქცევთ. შესაბამის განკარგულებას უკვე მოეწერა ხელი. ამ დღეს მთელ ქვეყანაში აღვმართავთ უკრაინის დროშებს, ჩავიკრავთ ლურჯ-ყვითელ ლენტებს და მთელ მსოფლიოს დავანახებთ ჩვენს ერთიანობას“, - თქვა ზელენსკიმ.
"უკრაინის საზოგადოების კონსოლიდაციის გასაძლიერებლად, მზარდი ჰიბრიდული საფრთხის, პროპაგანდის, მორალური და ფსიქოლოგიური ზეწოლის წინააღმდეგ, გადავწყვიტე 2022 წლის 16 თებერვალი გამოვაცხადო ერთიანობის დღედ", - ნათქვამია განკარგულების ტექსტში.
ამ დოკუმენტის თანახმად, მთელი ქვეყნის მასშტაბით სახლებსა და სხვადასხვა ნაგებობაზე უნდა აღიმართოს უკრაინის დროშა და დღის 10:00 საათზე შესრულდეს უკრაინის ეროვნული ჰიმნი.
შეგახსენებთ, 12 თებერვალს, ამერიკულმა გამოცემამ Politico-მ, ოფიციალური პირების წყაროებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი სამხედრო ოპერაციებს უკრაინის წინააღმდეგ 16 თებერვალს დაიწყებს.