დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების დღევანდელი სტატისტიკა არაზუსტია, რადგან პორტალზე ტექნიკური სამუშაოების გამო მონაცემების ატვირთვა ვერ მოხერხდა.
"შაბათ-კვირას, როგორც იცით, მიმართვიანობა ისედაც ნაკლებია. კიდევ იყო ტექნიკური პრობლემები პორტალზე მონაცემების ატვირთვასთან დაკავშირებით, რადგან პორტალის განახლება მიმდინარეობდა შაბათ-კვირას, ამიტომ დღევანდელი მონაცემებით ვერ ვიმსჯელებთ.
სიტუაცია მარტივი არ არის, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ომიკრონის ცირკულაციის ფონზე, თანდათანობით დაიწყება კლება. დღეს არის 4 000 შემთხვევა და სამწუხაროდ, 21 გარდაცვალება.
ეს ინფიცირების ციფრი რეალურ სიტუაციას არ ასახავს, რადგან გვაქვს მაღალი დადებითობის მაჩვენებელი, სადღაც 40% .
რეალურად, პორტალის განახლება ხდებოდა და იყო ტექნიკური სამუშაოები. ამიტომ ყველა მონაცემის პორტალზე ატვირთვა ვერ მოხერხდა. ხვალ იქნება განახლებული მონაცემები, რომელიც მოიცავს როგორც კვირის, ასევე ორშაბათის შემთხვევებსაც", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 4 028 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 22 517 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.