დღეს, გერმანიაში ფედერალური ასამბლეა ქვეყნის პრეზიდენტის ასარჩევად შეიკრიბება.
ფედერალური ასამბლეა, როგორც წესი, ხუთ წელიწადში ერთხელ, ერთადერთი მიზნით, პრეზიდენტის ასარჩევად იკრიბება.
კონსტიტუციური ორგანო შედგება ბუნდესტაგის დეპუტატებისა და ფედერალური მიწების პარლამენტების წარმომადგენლებისგან. წლევანდელი კრების შემადგენლობა 1472 დელეგატით არის განსაზღვრული.
საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ვადით იყრის კენჭს გერმანიის მოქმედი პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი. მოელიან, რომ სწორედ ის გაიმარჯვებს არჩევნებში.
მანამდე შტაინმაიერის კანდიდატურას უკვე გამოუცხადეს მხარდაჭერა უდიდესმა პოლიტიკურმა პარტიებმა, მისმა მშობლიურმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა და ქრისტიან-სოციალური კავშირის გაერთიანებამ, მწვანეთა პარტიამ და თავისუფალმა დემოკრატებმა.
ამ მხარდაჭერის გათვალისწინებით, შტაინმაიერი სავარაუდოდ 1223 დელეგატის ხმას მიიღებს. გამარჯვებისთვის საჭიროა ხმების აბსოლუტური უმრავლესობა, ამ შემთხვევაში 737 ხმა.
შტაინმაიერის გარდა, არჩევნებში კიდევ 3 კანდიდატი მონაწილეობს:
მაქს ოტე - "ალტერნატივა გერმანიისთვის"
გერჰარდ ტრაბერტი - მემარცხენეთა პარტია
შტეფანი გებაუერი - დამოუკიდებელი ამომრჩევლები
ადგილობრივი დამკვირვებლების თქმით, ამ კანდიდატებს გამარჯვების შანსი არ აქვთ.
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ორჯერ ეკავა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა - 2005-2009 და 2013-2017 წლებში. 2017 წელს მან სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე იოახიმ გაუკი შეცვალა. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, შტაინმაიერმა სოციალ-დემოკრატიული პარტიის რიგები დატოვა.