უკრაინაში რუსეთის მოსალოდნელი შეჭრის გამო შეშფოთების ფონზე, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან.
სატელეფონო საუბარი ვაშინგტონის ინიციატივით დაიგეგმა.
სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადებით, მან გააფრთხილა თავისი რუსი კოლეგა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრას გადამწყვეტი, მასიური და ერთიანი ტრანსატლანტიკური რეაგირება მოჰყვება.
მანამდე სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ ნედ პრაისი იტყობინებოდა, რომ მდივანი ბლინკენი ესაუბრა სერგეი ლავროვს, რათა განეხილა მწვავე და საერთო შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა შესაძლოა უახლოეს დღეებში წამოიწყოს უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი სახმედრო აგრესია.
"მდივანმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ კრიზისის გადასაწყვეტად დიპლომატიური გზა კვლავ ღია რჩება, მაგრამ მოსკოვმა უნდა გადაწყვიტოს დეესკალაცია და კეთილსინდისიერ დისკუსიებში ჩართვა", - თქვა ნედ პრაისმა.
მისივე თქმით, თუ მოსკოვი აგრესიის გზას აირჩევს და უკრინაში კიდევ შეიჭრება, ეს გამოიწვევს მტკიცე, მასიურ და ერთიან ტრანსატლანტიკურ პასუხს.
თავის მხრივ, სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. მათი განცხადებით, ლავროვმა ბლინკენს უთხრა, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები პროპაგანდისტულ კამპანიას ეწევიან უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შესახებ.
"დასავლეთი ახალისებს კიევს მინსკის შეთანხმების საბოტაჟირებისა და დონბასის პრობლემის ძალისმიერი გადაწყვეტის მავნე მცდელობისკენ", - უთქვამს ლავროვს ბლინკენისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით.
ამავდროულად, ლავროვმა ენტონი ბლინკენთან საუბრისას დასავლეთი რუსეთის მიერ მომზადებული უსაფრთხოების წინადადებების ძირითადი დებულებების იგნორირებაში დაადანაშაულა.
შეგახსენებთ, გუშინ დასავლურ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტრანსატლანტიკურ მოკავშირეებს დაზვერვის ახალი მონაცემები გაუზიარა, რომლის თანახმადაც რუსეთმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება მიიღო. ამ ფონზე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.