შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინაში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა.
როგორც ბაიდენმა ტელეკომპანია NBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, ამერიკელების უკრაინიდან ევაკუაცია შეუძლებელი იქნება.
"ვითარება არ არის იმგვარი, რაც ხდება ტერორისტული ორგანიზაციის შემთხვევაში. ჩვენ საქმე გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს არმიასთან. ეს სრულიად განსხვავებული სიტუაციია და ყველაფერი შეიძლება სწრაფად გადაიზარდოს ქაოსში", - განაცხადა ბაიდენმა.
ჟურნალისტმა ბაიდენს ჰკითხა, მოვლენების როგორმა განვითარებამ შეიძლება უბიძგოს მას, რომ ამერიკელი მოქალაქეების გადასარჩენად, უკრაინაში სამხედროები გაგზავნოს, რაზედაც მან უპასუხა, რომ ამისკენ ვერცერთი სცენარი უბიძგებს, რადგან, "თუ ამერიკელები და რუსები ერთმანეთს ესვრიან, ეს უკვე მსოფლიო ომია".
"ჩვენ სრულიად განსხვავებულ სამყაროში ვართ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ", - დასძინა მან.
10 თებერვალს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა გაფრთხილება ამერიკის მოქალაქეებისადმი, რომ რუსეთის მიერ სამხედრო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში, აშშ-ის მთავრობა ვერ შეძლებს მოქალაქეთა ევაკუაციას.