ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) ევროპის ფინანსური ინსტიტუტები კიბერთავდასხმების საფრთხის თაობაზე გააფრთხილა , რომელიც უკრაინის ირგვლივ მზარდი დაძაბულობის ფონზე, რუსეთიდან შეიძლება იყოს მოსალოდნელი.
"მოვუწოდებთ ბანკებს, გააძლიერონ კიბერუსაფრთხოების ზომები და მოემზადონ შესაძლო მზარდი კიბერშეტევებისთვის", - თქვა ევროპის ცენტრალური ბანკის სამეთვალყურეო თავმჯდომარემ, ანდრეა ენრიამ.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, ცენტრალურმა ბანკმა რეკომენდაციით მიმართა ევროკავშირის ტერიტორიაზე მოქმედ საკრედიტო ორგანიზაციებს, შეამოწმონ თავიანთი მზადყოფნა მათ კომპიუტერულ ქსელებში პოტენციურ შეჭრასთან გასამკლავებლად.
Reuters-ის ინფორმაციით, ბანკები ატარებენ კიბერწვრთნებს, რათა შეამოწმონ რუსი ჰაკერების შესაძლო თავდასხმის მოგერიების შესაძლებლობები.
სააგენტოს ცნობით, ასეთ შიშებს დასავლეთის სხვა ქვეყნებიც იზიარებენ.
ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ასევე მოუწოდა ფინანსურ ინსტიტუტებს, მოემზადონ დასავლეთსა და რუსეთს შორის უკრაინის გამო დაძაბულობის პოტენციური შედეგებისთვის.
"როდესაც არსებობს სანქციების დაწესების შესაძლებლობა, ეს, რა თქმა უნდა, შეშფოთების საგანია", - დასძინა ანდრეა ენრიამ.
მისი თქმით, კრედიტორების შიშები, უპირველესად, გეოპოლიტიკური რყევების შემთხვევაში ფინანსურ ბაზრებზე გავრცელებულ ტურბულენტობას უკავშირდება.