დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა ლიზ ტრასმა მოსკოვში ვიზიტისას, რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა დაასრულოს ცივი ომის რიტორიკა და დასავლეთთან სერიოზული მოლაპარაკებები დაიწყოს.
"არსებობს ალტერნატივა, დოპლომატიური გზა, რომელიც თავიდან აგვაცილებს კონფლიქტსა და სისხლისღვრას. მე აქ ვარ იმისთვის, რომ რუსეთს მოვთხოვო, წავიდეს ამ გზით", - განაცხადა მან 10 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე.
ტრასმა რუსეთს მოუწოდა მოლაპარაკებეზე დაიცვას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპები, იმ ვალდებულებების შესაბამისად, რომელიც რუსეთმა 1994 წელს ბუდაპეშტის მემორანდუმის ფარგლებში თავის თავზე აიღო.
"რეალობა ასეთია, ჩვენ არ შეგვიძლია უგულებელვყოთ უკრაინის საზღვართან 100 ათასზე მეტი ჯარისკაცის განლაგება და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ძირის გამოთხრის მცდელობა", - განაცხადა თრასმა.
ამასთან, ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მტკიცედ გააფრთხილა მოსკოვი, არ შეიჭრას უკრაინაში. როგორც მან აღნიშნა, ინტერვენციის შედეგები კატასტროფული იქნება, როგორც უკრაინელებისთვის, ისე რუსეთისა და მთლიანად ვეროპის უსაფრთხოებისათვის.
"ნატო-მ მკაფიოდ განმარტა, რომ უკრაინაში ნებისმიერ შეჭრას მოჰყვება მასშტაბური შედეგები და დიდი დანაკარგები", - აღნიშნა მან.
"უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში გაზსადენი "ჩრდილოეთ ნაკადი 2" არ ამუშავდება. ეს იქნება რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების ნაწილი სხვა მკაცრ ზომებთან ერთად, რომელიც მოიცავს სანქციებს ცალკელული პირებისა და ინსტიტუტების წინააღმდეგ", - დასძინა ტრასმა.
ტრასმა რუსეთს მოუწოდა, შეასრულოს უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და რეგიონიდან გაიყვანოს მძიმე სამხედრო შეიარაღება.
თავის მხრივ, ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ჩაშლის შემდგომ მოლაპრაკებებს, თუ მოსკოვის მოთხოვნაზე უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, ევროკავშირი კოლექტიურად უასუხებს.
"როგორც გავიგე, თითოეული ქვეყნის გულწრფელი პასუხების ნაცვლად, ევროკავშირს სურს წარმოადგინოს კოლექტიური წერილი, რომელშიც ეროვნული პოზიციების ყველა ნიუანსი ნიველირებული იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემთხვევაში, მოლაპარაკება ჩვენ არ გამოგვივა და ვიფიქრებთ იმაზე, როგორ გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან", - განაცხადა ლავროვმა.
ამასთან, ლავროვმა ტრასი და ნატო-ს ქვეყნები ცალმხრივ სტანდარტებში დაადანაშაულა. "დასავლეთს უფლება აქვს ჩვენ რაღაც გარანტიები მოგვთხოვოს, ჩვენ კი არანაირ გარანტიებს არავინ გვპირდება", - დასძინა ლავროვმა და აღნიშნა, რომ მოსკოვი ელოდება პასუხებს თავის შეკითხვებზე ეუთოს სივრცის ყველა ქვეყნისგან.