მსოფლიოში უდიდესი შავი ბრილიანტი აუქციონზე 3.16 მილიონ გირვანქა სტერლინგად (4.3 მლნ დოლარი) გაიყიდა.
"ენიგმას" სახელით ცნობილი, 555.55-კარატიანი ძვირფასი ქვა, Sotheby's-ის აუქციონზე გაიყიდა.
აუქციონის ადმინისტრაციის განცხადებით, მყიდველმა, რომლის ვინაობაც არ საჯაროვდება, ბრილიანტის შესყიდვისთვის კრიპტოვალუტა გამოიყენა.
აუქციონის ორგანიზატორები ბრილიანტის მფლობელის ვინაობას არ ასაჯაროებენ, თუმცა, კრიპტოვალუტის ერთ-ერთმა მწარმოებელმა, რიჩარდ ჰართმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრილიანტი სწორედ მან შეისყიდა.
ბრილიანტის წარმოშობა ბუნდოვანებით არის მოცული. ერთ-ერთი ვერსიით ის ასტეროიდის ნაწილია, რომელიც დედამიწაზე მილიარდი წლის წინ ჩამოვარდა.
შავი ბრილიანტები, ასევე ცნობილი როგორც კარბონადო (ნახშირი), ძალზე იშვიათია და ბუნებრივად გვხვდება მხოლოდ ბრაზილიასა და ცენტრალურ აფრიკაში. კოსმოსური წარმოშობის თეორია ეფუძნება მათ ნახშირბადის იზოტოპებს და წყალბადის მაღალ შემცველობას.