გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივანი ლიზ ტრასი მოსკოვში ჩავიდა.
მოსკოვში ლიზ ტრასი შეხვედრას მართავს თავის რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან. შეხვედრის დაწყებისას ლიზ ტრასმა მოკლე განცხადება გააკეთა.
ლიზ ტრასის განცხადებით, უკრაინაში ომი დამანგრეველ შედეგებს მოიტანს.
"რეალობა ისაა, რომ არ შეგვიძლია უგულებელვყოთ უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცის თავმოყრა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვის მცდელობები. ომი უკრაინაში დამანგრეველი იქნება რუსი და უკრაინელი ხალხისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის", - განაცხადა ტრასმა.
მისივე თქმით, ნატომ ნათლად აჩვენა, რომ უკრაინაში ნებისმიერ შეჭრას ექნება მასიური შედეგები და მაღალი ფასი.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ტრასი და ლავროვი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
ვიზიტის დასაწყისში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა გვირგვინით შეამკო კრემლის კედელთან, უცნობი ჯარისკაცის საფლავი.