მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებებია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად ლევან დავითაშვილი დანიშნა, რომელიც დღემდე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს იკავებდა.
„მთავრობის შემადგენლობაში ჩვენ განვახორციელეთ ცვლილებები და ამის თაობაზე მინდა, საზოგადოებას ვაცნობო. ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა ლევან დავითაშვილი. დიდი წარდგენა არ სჭირდება, ყველა კარგად იცნობს მის საქმიანობას. ლევანი იყო წარმატებული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. ბოლო ხუთი წელი მან ერთგულად ემსახურა სამინისტროს, ქვეყანას, თავის საქმეს და ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა ამ სამინისტროში. ლევანი დაინიშნა ეკონომიკის მინისტრად. იგი განათლებით არის ეკონომისტი, კარგი განათლება, ცოდნა აქვს დაგროვილი. მჯერა, რომ იქნება წარმატებული ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. ის არის ვიცე-პრემიერი და შეუნარჩუნდება ეს თანამდებობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის მინისტრად კი ლევან დავითაშვილის უკვე ყოფილი მოადგილე ოთარ შამუგია დაინიშნა.
რაც შეეხება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების უკვე ყოფილ მინისტრს ის როგორც პრემიერმა განაცხადა, ქართული ოცნების გუნდის წევრად რჩება.
თავად თურნავას თქმით, მას სურს რომ საქმიანობის სფერო შეიცვალოს და რამდენიმე შეთავაზებას განიხილავს.