თბილისის საქალაქო სასამართლოში საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
ცოტა ხნის წინ, მანდატურებმა სასამართლოს სხდომის დარბაზიდან პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი გაიყვანეს.
ჩარკვიანის გაძევებას წინ უსწრებდა სიტყვიერი შელაპარაკება მასსა და მოსამართლეს შორის. თაკო ჩარკვიანმა პროკურორებს მოღალატეები უწოდა. მანამდე პროკურორები მიხეილ სააკაშვილმა მოიხსენია სამშობლოს მოღალატეებად, რასაც მოსამართლის მხრიდან შენიშვნა მოჰყვა.
მოსამართლის კომენტარს დარბაზში მყოფი თაკო ჩარკვიანი ხმამაღალი შეძახილით გამოეხმაურა: "კორუფციონერი პროკურორი სამშობლოს მოღალატეა, აბა რა არის?! სირცხვილია სამარცხვინო პროკურორს ასამართებინოთ სახელმწიფო ინსტიტუციების აღმშენებელი. მე მიშას მოწინააღმდეგე ვიყავი 9 წელი, მაგრამ ახლა, რუსეთის კორუფციონერების ხელში ჩავარდა ქვეყანა".
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა ჩარკვიანს მიმართა, რომ თუ პროცესი სამარცხვინოდ მიაჩნია, თავს ისეთ მდგომარეობაში ნუ ჩაიგდებს, მასში მონაწილეობა მიიღოს.
"სამარცხვინოდ თუ მიგაჩნიათ ეს პროცესი, ნუ ჩაიგდებთ თავს ისეთ მდგომარეობაში, რომ საკუთარი ნებით მიიღოთ მონაწილეობა "ამ სამარცხვინო პროცესში". დარჩით სახლში და ინტერესის შემთხვევაში, ტელევიზიის მეშვეობით ადევნეთ თვალი. ის, რომ პროცესი ისტორიულია, არავის შეხსენება ამაზე არ მჭირდება. 6 წელია ვიხილავ ამ საქმეს და კარგად მაქვს გათვითცნობიერებული, რა პროცესს ვუძღვები. მაგრამ, უნდა მომცეთ შესაძლებლობა, რომ პროცესს გავუძღვე სრულყოფილად", - მიმართა მოსამართლემ ჩარკვიანს.
ჩარკვიანის გაძევების შემდეგ, სასამართლო პროცესი გაგრძელდა. დაცვის მხარე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელს, ანზორ ჩუბინიძეს კითხავს.