შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რუსული გაზსადენის პროექტის "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის გამო, გერმანიას "რუსეთის მძევალი" უწოდა.
"გულწრფელად რომ ვთქვათ, გერმანია დაანგრევს ნატოს", - თქვა ტრამპმა Fox Business-ის ეთერში.
"გერმანია ნამდვილად რუსეთის მძევალია, ეს ეჭვგარეშეა", - დასძინა მან.
დონალდ ტრამპმა ასევე გააკრიტიკა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის ქმედება ჯო ბაიდენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, როდესაც ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" პროექტის დასასრულს ნიშნავს.
"ამ დროს, შოლცმა ისე შეხედა ბაიდენს, თითქოს ეუბნებოდა რას ლაპარაკობო, მას [მილსადენის პროექტზე] არც კი უთქვამს არაფერი", - თქვა ტრამპმა.
ჯო ბაიდენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ოლაფ შოლცს "ჩრდილოეთის ნაკადი 2" არ უხსენებია, თუმცა პირობა დადო, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემთხვევაში ვაშინგტონთან ერთად იმოქმედებს.