ჩემის აზრით, საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის ყველაზე სწორი განვითარების გზაა, როცა აქ მმართველი კოალიციაშია ენმ, საქართველო აძლიერებს უკრაინასთან პარტნიორობას, ხოლო სააკაშვილი ამ პარტნიორობის შემკვრელი რგოლია - წერს სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა.
უგულავას განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობას" დღეს ფაქტიურად ოპოზიციის სინონიმია. ის ყველაზე დიდი პარტიაა ოპოზიციაში, მეტიც დღეს ის ერთადერთი პარტიაა საქართველოში. მას აქვს სახელისუფლო მემკვიდრეობაც და ტვირთიც. ამასთანავე ნაცმოძრაობა პარტიის გარდა არის კონკრეტული იდეის მატარებელი. ის დღეს წარმოადგენს ეროვნული მოძრაობის მემკვიდრეობას, მებრძოლს საბჭოთა მემკვიდრეობასთან - ოცნებასთან.
"ამასთანავე, ენმ რეფორმას საჭიროებს. მისი კარებები უნდა გაიღოს და ის მიმზიდველი უნდა გახდეს რაც შეიძლება ფართო ჯგუფებისთვის. აქაც ისევე როგორც დანარჩენ ოპოზიციაში მთავარი პრობლემა უმსჯელობაა, შიდა დისკუსიის არარსებობა ან მიმალვა როგორც ნეგატიური მოვლენის. არადა პირიქით უნდა იყოს! პარტიას რომელსაც ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი აძლევს ხმას, ვერ იქნება ყველაფერზე ერთ აზრზე.
ენმ-ს პოლიტსაბჭო უნდა გახდეს ქმედითი, ცოცხალი ორგანო. მისი თითოეული წევრის არჩევა უნდა იყოს მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში. თავად პოლიტსაბჭო უნდა მუშაობდეს როგორც პარლამენტი. მისი სხდომები უნდა გადაიცემოდეს ონლაინ პირდაპირ ეთერში. უნდა ქონდეს ფრაქციები, კომისიები და სამდივნო რეალურად წარმოადგენდეს ჩრდილოვან კაბინეტს. ფრაქციების დისკუსიას საზოგადოება უნდა ადევნებდეს თვალს და აზრთა სხვადასხვაობაში არაფერია დასაძრახი. როცა ქვეყნის პარლამენტი ცოცხალ -მკვდარია, თუნდაც ცხარე დებატებმა უნდა ანახოს განსხვავება ოცნებასთან, სადაც სრული უმსჯელობა სუფევს. ასეთ პირობებში, ბევრ პატარა პარტიას, პოლიტიკურ ჯგუფს თუ ინდივიდს ბუნებრივად ექნება მოთხოვნა ამ დიდი ხომალდის ნაწილი გახდეს ისე რომ არ დაკარგოს იდენტობა და საკუთარი დღის წესრიგის წარმოჩენა შეეძლოს. ასე ყალიბდება პოლიტიკური ჯგუფები, ალიანსები და შიდაკოალიციები. ნაციონალური მოძრაობა უნდა იყოს ე.წ. ქოლგა პარტია ყველასთვის ვინც ეთანხმება სადამფუძნებლო პრინციპებს, იდეალებს, პატივს სცემს პარტიის ბიოგრაფიას, თუნდაც რომ კრიტიკულად აფასებდეს ბევრ საკითხს. ასე მოხდება პარტიის გამრავალფეროვნება, ახალი ხალხისა და პოლიტიკურად აქტიური ჯგუფების პარტიაში მოზიდვა (შეგნებულად არ ვხმარობ სიტყვა განახლებას). ენმ დიდი პოლიტიკური მაგნიტია და თუ ის მოხსნის წინაღობებს, ის ბევრ ადამიანს მიიზიდავს", - წერს გიგი უგულავა.