პატარა პარტიები უნდა გამოვიდნენ სრულიად არაელექტორალური კატეგორიიდან, რასაც "შუაშიზმს" ეძახიან, წერს სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა.
მისი განმარტებით, ენმ დღეს ფაქტიურად ოპოზიციის სინონიმია. ის ყველაზე დიდი პარტიაა ოპოზიციაში, მეტიც დღეს ის ერთადერთი პარტიაა საქართველოში.
"ჩემი მოკრძალებული ხედვა. სად ვართ და საით უნდა წავიდეთ:
დღეს ხშირად გაიგონებთ, რომ პოლიტიკური სისტემა ჩიხშია. ხალხს აპათია აქვს, არაფრის და არავის სჯერა. დიდი იმედგაცრუებაა ოცნებით, - ამასთანავე ოპოზიციის მიმართ სულ უფრო მზარდი უკმაყოფილებაა. ოცნება სულ უფრო ცუდად, ძალადობრივად და ცინიკურად მართავს ქვეყანას, ოპოზიციას კი ამ სტატუს ქვოს შეცვლა არ შეუძლია. მივიღეთ ერთგვარი მოჯადოვებული წრე. როგორც კვლევები ანახებს, მოთხოვნა ცვლილებაზე დიდია, ცვლილების რწმენა კი ძალიან დაბალი. ასეთი ჩიხური სიტუაცია შესაძლოა ქრონიკული კრიზისებით სრულ და გრძელვადიან აპათიაში გადავიდეს. რაც არის ხელისუფლების ქართული ოცნება
ქვეყანაში სრული პოლიტიკური გათიშულობაა. ოცნებამ მოკლა დისკუსია, დებატები, გამარჯობის დონეზე კომუნიკაციაც კი. საკომუნიკაციო ენად იქცა ლანძღვა, სიძულვილის ენა, ტროლ-ბოტების ბულინგი. საურთიერთო ქცევად კი დაჭერები და დაჯარიმებები. რადიკალურია მედია გარემოც.ასე ჩამოყალიბდა ორი საქართველო, რომელიც სულ უფრო მეტად შორდება ერთმანეთს.
ამის მიუხედავად ოცნების რეიტინგი გამუდმებით მოდის დაბლა, ხოლო ოპოზიციის ჯამური რეიტინგი უკვე მერამდენე არჩევნებია რეალურად აღემატება ოცნების მხარდაჭერას. ამასთანავე ფაქტია, ოპოზიცია ვერ ახერხებს ამ უპირატესობის მატერიალიზებას - კონსოლიდაცის. ყოველივე ამის ფონზე, რევოლუციაზე მეოცნებეთათვისაც კი, არჩევნები რჩება ერთადერთ საბრძოლო პოლიგონად. ამიტომაც, ყველა პარტია რეალურად არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს. რევოლუციონერთა გასაგონად - თუ გინდათ რევოლუცია, ემზადეთ არჩევნებისთვის
რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს რიგგარეშე არჩევნების ბედი უფრო ოპოზიციის ხელშია ვიდრე მთავრობის. თუ ვინმე არაა დღეს მზად რიგგარეშე არჩევნებისთვის ეს ოპოზიციაა. ეს კვლევებშიც სჩანს. რიგგარეშე არჩევნები, წინა თვეებისგან განსხვავებით, არც ოპოზიციურ ამომრჩეველს უნდა, რადგან ხედავს რომ, საუკეთესო შემთხვევაში, ოპოზიცია წინა არჩევნების მსგავსი კონფიგურაციით გამოვა და თუნდაც რომ ჯამურად გაიმარჯვოს, ცვლილებებს ვერ მიაღწევს. მაშ რა უნდა ვქნათ, როგორ მივაღწიოთ ცვლილებებს?!
ოცნების კრიტიკა ადვილია. ის ამისთვის ბევრ მიზეზს იძლევა. რა უნდა მოხდეს ოპოზიციაში ისეთი რომელიც ერთის მხრივ უპასუხებს ოპოზიციური ამომრჩევლის დაკვეთას მითიური ერთიანობის შესახებ, მეორეს მხრივ დაასრულებს ოცნების შემოთავაზებულ პოლარიზაციას და გაარღვევს ამ მოჯადოებულ წრეს
ორპოლუსიანობა არაა არც ოცნების და არც ნაცმოძრაობის დამსახურება. ისინი არიან ისეთი როგორც არიან. პრობლემა მესამე, მეოთხე და ასე შემდეგ პარტიებშია, რომლებიც, მსგავსი ღირებულებების მიუხედავად, ვერ ახერხებენ გაერთიანებას. ბოლო არჩევნებმა ანახა რომ კოალიცია მოთხოვნადია, მაგრამ 30% და 3% პარტიათა კოალიციას საზოგადოება ვერ აღიქვავს. კოალიცია საზოგადოებას მოსწონს იმიტომ რომ ენმ-ს შიდა ბალანსი ჰქონდეს. წარსულის გამოცდილებისა თუ ოცნების პროპაგანდის შედეგია ეს, ფაქტია საზოგადოებაში არსებობს ენმ-ს "შებოჭვის"(რაგბის ტერმინია) მოთხოვნა. უბრალოდ არავის სჯერა, რომ 32% მქონე პარტიას ორ და სამ პროცენტიანი პარტიები, რომლებიც ერთმანეთშიც ვერ თანხმდებიან, ენმ-ს შებოჭავენ. ამიტომაც არის რომ ოპოზიციის 54% ოცნების 46% წინააღმდეგ არ ჯამდება. შედეგად, ოცნება უგებს ნაცებს და სხვები იფანტებიან.
პატარა პარტიები;
პატარა პარტიები უნდა გამოვიდნენ სრულიად არაელექტორალური კატეგორიიდან, რასაც "შუაშიზმს" ეძახიან. ასეთი საარჩევნო ერთეული არ არსებობს. არსებითად ორპოლუსიან სიტუაციაში არც ის ვარ, არც ეს პოზიციაზე, პასუხია - აბა რა ჩემი ფეხები ხარ?! ასე გამოიყურება "შუაშიზმი" არჩევნების დღეს
წარმოვიდგინოთ რომ შემდეგ არჩევნებზე ენმს და ოცნების გარდა არის ბლოკი რომელიც აერთიანებს ლელოს, გახარია საქართველოსთვის, გიორგი მარგველაშვილს, გიორგი კვირიკაშვილს, ირაკლი ალასანიას, დავით ბაქრაძეს, გიორგი ვაშაძეს. ეს იქნებოდა "თეთესაყელოიანთა" უფრო ზუსტად კი "ჰალსტუხიანთა პარტია". რეალურად აქ თავს მოიყრიდა დამოუკიდებლობის პერიოდიდან მოყოლებული ქართული ბიზნესისა და სახელმწიფო მოხელეთა ერთობა, დიდი პოლიტიკური და ბიზნეს გამოცდილებით. ამ ბლოკის მიმზიდველობა იმაშია, რომ მას რეალურად შეუძლია ხმები წაართვას ოცნებას. მეტიც ოცნებას წაართვას პოლიტიკური ბიოგრაფია და დატოვოს კობახიძე ღარიბაშვილის ამარა. დღევანდელი ოპოზიციური დისკურსით - ოცნებამ დაღუპა ქვეყანა- ჩვენ ოცნების ამომრჩეველთან ვერ მივდივართ. სამაგიეროდ, გახარიას თუ მარგველაშვილს აქვს სრული შესაძლებლობა თქვას ამ საქმეში ოცნებამ ივარგა, ამ დროს ოცნებამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო ბოლოში ყველაფერს გადაუხვია და ავტორიტარიზმში ჩაეფლო. ეს ბლოკი 20-25% ის ფარგლებში აიღებს, მყარად იდგება თავის ფეხზე. აღარ იქნება შუაში მოყოლილი შუაშისტი. კოალიციის შემთხვევაში, ეს უკვე სულ სხვა, რეალური და არა დეკორაციული, მოთამაშეა. ეს ბლოკი იქნება მძლავრი პოლიტიკური "ცენტრი". რაც მთავარია ასეთ ბლოკს აქვს რესურსი ოცნების მოედანზე თამაშის და ასევე ოპოზიციაში არანაცური ხმების კონსოლიდაციის.
ახლა შევხედოთ რა დაუძლეველი საკითხებია ხსენებულ პარტიებსა, ჯგუფებსა თუ პოლიტიკურ ინდივიდებში და საზოგადოებრივი დისკუსია, დებატები სწორედ ამ საკითხებზე მოვაწყოთ. მაგალითად, ლელოსა და გახარიას შორის იმ ცნობილი წერილის მიღმა არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი - უნდა აშენდეს თუ არა ანაკლიის პორტი თუ ფოთის პორტის გაფართოება საკმარისია? ეს ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური, რეგიონალური და ეკონომიკირი საკითხია. მოდით გავეშვათ ერთი წუთით ოცნებას და საგნობრივად ვიმსჯელოთ ამ საკითხზე. გნებავთ ლიდერების და გნებავთ დეპუტაციის დონეზე. დებატები შეიძლება იყოს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტზე, საპენსიო ფონდის მიზანშეწონილობაზე და ბევრ ისეთ საკითხზე სადაც გამოჩნდება რომ "პატარა პარტიების" უმრავლესობა იმიტომაა პატარა, რომ მათ ლიდერებს არ შეუძლიათ/არ უნდათ თავის "პატარა პოზიციის" დათმობა. ამიტომ, მყარად მაგრამ არანაცურმა ოპოზიციურმა ამომრჩეველმა და მედიამ ამ პროცესს უნდა შეუწყოს ხელი. გვინდა ცვლილება/რიგგარეშე არჩევნები, მაშინ ვიმუშაოთ ამ მიმართულებით
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
ენმ დღეს ფაქტიურად ოპოზიციის სინონიმია. ის ყველაზე დიდი პარტიაა ოპოზიციაში, მეტიც დღეს ის ერთადერთი პარტიაა საქართველოში. მას აქვს სახელისუფლო მემკვიდრეობაც და ტვირთიც. ამასთანავე ნაცმოძრაობა პარტიის გარდა არის კონკრეტული იდეის მატარებელი. ის დღეს წარმოადგენს ეროვნული მოძრაობის მემკვიდრეობას, მებრძოლს საბჭოთა მემკვიდრეობასთან - ოცნებასთან. ამასთანავე, ენმ რეფორმას საჭიროებს. მისი კარებები უნდა გაიღოს და ის მიმზიდველი უნდა გახდეს რაც შეიძლება ფართო ჯგუფებისთვის. აქაც ისევე როგორც დანარჩენ ოპოზიციაში მთავარი პრობლემა უმსჯელობაა, შიდა დისკუსიის არარსებობა ან მიმალვა როგორც ნეგატიური მოვლენის. არადა პირიქით უნდა იყოს! პარტიას რომელსაც ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი აძლევს ხმას, ვერ იქნება ყველაფერზე ერთ აზრზე.
ენმ-ს პოლიტსაბჭო უნდა გახდეს ქმედითი, ცოცხალი ორგანო. მისი თითოეული წევრის არჩევა უნდა იყოს მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში. თავად პოლიტსაბჭო უნდა მუშაობდეს როგორც პარლამენტი. მისი სხდომები უნდა გადაიცემოდეს ონლაინ პირდაპირ ეთერში. უნდა ქონდეს ფრაქციები, კომისიები და სამდივნო რეალურად წარმოადგენდეს ჩრდილოვან კაბინეტს. ფრაქციების დისკუსიას საზოგადოება უნდა ადევნებდეს თვალს და აზრთა სხვადასხვაობაში არაფერია დასაძრახი. როცა ქვეყნის პარლამენტი ცოცხალ -მკვდარია, თუნდაც ცხარე დებატებმა უნდა ანახოს განსხვავება ოცნებასთან, სადაც სრული უმსჯელობა სუფევს. ასეთ პირობებში, ბევრ პატარა პარტიას, პოლიტიკურ ჯგუფს თუ ინდივიდს ბუნებრივად ექნება მოთხოვნა ამ დიდი ხომალდის ნაწილი გახდეს ისე რომ არ დაკარგოს იდენტობა და საკუთარი დღის წესრიგის წარმოჩენა შეეძლოს. ასე ყალიბდება პოლიტიკური ჯგუფები, ალიანსები და შიდაკოალიციები. ნაციონალური მოძრაობა უნდა იყოს ე.წ. ქოლგა პარტია ყველასთვის ვინც ეთანხმება სადამფუძნებლო პრინციპებს, იდეალებს, პატივს სცემს პარტიის ბიოგრაფიას, თუნდაც რომ კრიტიკულად აფასებდეს ბევრ საკითხს. ასე მოხდება პარტიის გამრავალფეროვნება, ახალი ხალხისა და პოლიტიკურად აქტიური ჯგუფების პარტიაში მოზიდვა (შეგნებულად არ ვხმარობ სიტყვა განახლებას). ენმ დიდი პოლიტიკური მაგნიტია და თუ ის მოხსნის წინაღობებს, ის ბევრ ადამიანს მიიზიდავს.
თუ გვინდა ცვლილებები/რიგგარეშე ეს პროცესი, რომელიც მეტ-ნაკლებად, დაწყებულია, გასააქტიურებელია
ცალკე საკითხია/ტკივილია მიხეილ სააკაშვილი;
დიხ ტკივილი, რადგან ძალიან ბევრი ადამიანისთვის ფაქტი, სააკაშვილი ციხეში, პოლიტიკურის მიღმა, უბრალოდ სირცხვილია!
სააკაშვილი საქართველოში ერთადერთი პოლიტიკოსია ვისაც უკანასკნელი 20 წლის მანძილზე სტაბილურად აქვს მინიმუმ 25% (აქ სახელისუფლო ციფრებს არ ვეხები. ის ასტრონომიულია, მაგრამ ასევე სახელისუფლო რესურსიც ურევია). და ეს არნახული დევნის და შევიწროვების პირობებში. ის ეპოქალური პირია საქართველოს ისტორიაში. მისი ინდივიდუალური გადაწყვეტილება დაბრუნებული საქართველოში, გაებაიბურებინა მთავრობა, წასული ციხეში, 50 დღიანი შიმშილობა - ყველაფერი ეს ისტორიული მოვლენებია. ფაქტია ქართულმა საზოგადოებამ ის ემოციურად დაიბრუნა. ამას რა პოლიტიკურ კონსტრუქციას დააშენებს სააკაშვილი, ამას მომავალი აჩვენებს, თუმცა ახლა მისი ციხიდან განთავისუფლება მტკივნეული და დროში ტევადი პროცესი იქნება. მას სტრატეგიული მოთმინება სჭირდება და ეს დრო უნდა გამოიყენოს მათი გულის მოსაგებად, ვისაც დღემდე ეშინია მისი. ეს შიშები ძირითადად ომს და ძალოვნებს უკავშირდება. ამასთანავე უკრაინის თემა მომდევნო წლებში სულ უფრო გადახლართული იქნება ჩვენს ბედთან. შესაბამისად, სააკაშვილმა მკაფიო უნდა გახადოს რას უპირებს თავის უკრაინულ კარიერას? ის უკვე 8 წელიწადია უკრაინულ პოლიტიკაშია. ეს ძალიან დიდი დროა. თითქმის იმდენი, რამდენიც პრეზიდენტი იყო საქართველოში. მისი სახელის ცნობადობა რეგიონში არნახულად მაღალია. მას იცნობს არა მხოლოდ პოლიტიკური კლასი, არამედ აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მოსახლეობა. ეს ძალიან დიდი პოლიტიკური კაპიტალია. საქართველოში ენმს მიერ 2020-ში მის პრემიერობის კანდიდატად დაყენებამ კიდევ უფრო მეტი ბუნდოვანება გააჩინა. ქვეყანაში არაა 51% ამომრჩეველი ვინც სააკაშვილის პრემიერობას დაუჭერს მხარს. სააკაშვილს პრობლემები აქვს დასავლეთშიც. აღმოსავლეთ ევროპელი Strongman-ები კაჩინსკი, ორბანი ისედაც აშინებს ბრუსელს. სამწუხაროდ სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, უფრო სწორედ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მასზე არსებული ეს სტერეოტიპი შეერბილებინა. არადა, 2012-ში ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის მერე უკრაინის 8 წელი ამაში უნდა დაეხარჯა.
ამდენად ახლა გვაქვს ვითარება, რომ სააკაშვილი ოპოზიციაში არის ყველაზე მსხვილი ფიგურა (და ასეთად დარჩება კიდევ კარგა ხანი), მაგრამ ის არაა კოალიციის მშენებელი. მის გარეშე არ არსებობს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა, ის ფორვარდია, მაგრამ მის გარშემო ივანიშვილის დასამარცხებლად აუცილებელი კოალიცია არ/ვერ იკრიბება.
საქართველოს და უკრაინის ბედი მომდევნო ათწლეულში ერთმანეთზე იქნება გადახლართული. უკრაინა იქცა ქართველებისთვის იმ "დიდ ასპარეზად", რომელის მსგავსს ისტორიულად ჩვენი მსხვილი მოღვაწეები ეწეოდნენ ქვეყნის ფარგლებს მიღმა - ოსმალეთში, ირანში თუ მოსკოვში. (თუმცა ამათგან განსხვავებით უკრაინა პარტნიორი ქვეყანაა).
ჩემის აზრით, საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის ყველაზე სწორი განვითარების გზაა, როცა აქ მმარველი კოალიციაშია ენმ, საქართველო აძლიერებს უკრაინასთან პარტნიორობას, ხოლო სააკაშვილი ამ პარტნიორობის შემკვრელი რგოლია. ის გაცილებით ძლიერი და წარმატებული იქნება უკრაინაში თუ აქ მეგობრულად განწყობილი თანამოაზრე და თანამებრძოლები არიან მმართველ კოალიციაში. ესაა წარმატების ფორმულა, რომელიც მიშამ შეიძლება მოუტანოს საქართველოს. ის დიდი პოლიტიკური ინვესტიცია რომელიც მან უკრაინაში ჩადო, როგორც არასდროს გამოადგება საქართველოს. ესაა, ჩემის აზრით, რეგიონალური ლიდერობა.
ასეა თუ ისე ეს არის სადისკუსიო თემა და მასში სიცხადე თავად სააკაშვილმა უნდა შეიტანოს. და აქ ერთის მხრივ თქმა რომ მე თანამდებობები არ მინდა, მეორეს მხრივ პრემიერობის კანდიდატად დგებოდე დამაბნეველია და სანდოობას არ აღძრავს.
მოკლედ, საქართველოს თანამედროვე პოლიტიკის განუყოფელი და საკვანძო ფიგურაა სააკაშვილი. ის ვერ გაქრება, ვერ აორთქლდება. მის გარეშე მომავალი კოალიცია ვერ დაკომპლექტდება. ამავე დროს სად იქნება და რა სტატუსით, ამაზე მყარი სიცხადე თავად უნდა შეიტანოს. მარტივად. სანამ ენმ-ს არ ეყოლება პრემიერობის კანდიდატი (არა ისეთი როგორიც ივანიშვილს ყავს ხოლმე, არამედ რეალური), მანამდე ნაცმოძრაობაში და მთელს ოპოზიციაში სულ გაუგებრობები იქნება, რითაც ოცნება ისარგებლებს. მიშამ, ეს პერიოდი, ამ საკითხებში სიცხადისთვის უნდა გამოიყენოს
რომ შევაჯამოდ. ოცნება სულ უფრო სწრაფად ჩაეფლობა საკუთარ ტკბილ უბედურებაში. ის კრიზისიდან ვერ გამოვა. ოცნება შეეცდება ქრონიკულ კრიზისში იარსებოს და ამყოფოს ქვეყანა. ამიტომ, ჩემი აზრით, ოპოზიციის სწორი გადაჯგუფებით, შიდაოპოზიციური, საგნობრივი დებატებით, საერთო კონტურების გამოკვეთით მივალთ იმ ფორმამდე რომ დავამარცხოთ ქართული ოცნება. წამოვიწყოთ შიდა ოპოზიციური დისკუსიები, როგორ უნდა მივიდეთ გამარჯვების სწორ ალგორითმამდე. რა უნდა გააკეთოს ამისთვის ცალკე ენმ-მ, და ცალკე სხვა პატარა პარტიებმა. ნუ შეგვეშინდება შიდა ოპოზიციური დისკუსიის. ის ყველა შემთხვევაში სჯობს შიდა ოპოზიციურ დაპირისპირებას", აცხადებს გიგი უგულავა.