თეთრ სახლში შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.
პრესკონფერენციაზე ლიდერებმა უკრაინის ირგვლივ არსებულ ვითარებასა და რუსეთის შეჭრის შემთხვევაში საპასუხო ზომებზე ისაუბრეს.
ბაიდენის განცხადებით, რუსეთს უკრაინაში მორიგი სამხედრო ინტერვენცია, "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის მილსადენის დახურვას გამოიწვევს და დასძინა, რომ ამ საკითხში ბერლინი და ვაშინგტონი ერთიანები არიან.
"თუ რუსეთი შეიჭრება, თუ ტანკები ან ჯარები კვლავ გადაკვეთენ უკრაინის საზღვრებს, მაშინ "ჩრდილოეთის ნაკადი 2" აღარ იარსებებს. ჩვენ მას დავასრულებთ", - აღნიშნა ჯო ბაიდენმა გერმანიის კანცლერთან გამართულ პრესკონფერენციაზე.
ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, როგორ შეძლებს ვაშინგტონი მილსადენის დახურვას, როდესაც ის გერმანიის კონტროლის ქვეშაა, ბაიდენმა უპასუხა: "გპირდებით, ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება".
თავის მხრივ, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღდმდეგ სანქციებთან მიმართებით, გერმანიისა და შეერთებული შტატების პოზიცია ერთიანია.
"ჩვენ ვიქნებით ერთიანები. ჩვენ ვიმოქმედებთ ერთად. და ჩვენ გადავდგამთ ყველა საჭირო ნაბიჯს", - თქვა შოლცმა.
ვაშინგტონში ვიზიტის დასრულების შემდეგ, ოლაფ შოლცი უკრაინასა და რუსეთს ეწვევა.