საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მოსკოვში მოლაპარაკებებს მართავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.
მოლაპარაკებები მიზნად ისახავს უკრაინის ირგვლივ დაძაბულობის განმუხტვას.
რუსეთის დედაქალაქში ჩასვლისას, მაკრონმა განაცხადა, რომ ოპტიმისტურად არის განწყობილი, თუმცა არ სჯერა "სპონტანური სასწაულების".
კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ ერთი შეხვედრიდან რაიმე მნიშვნელოვანი გარღვევა მოსალოდნელი არ უნდა იყოს.
მისი თქმით, მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინის გარშემო არსებული ვითარება და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ რუსეთის ინიციატივა იქნება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენცია.
რუსეთში ვიზიტამდე ემანუელ მაკრონი შეერთებული შტატების პრეზიდენტო ჯო ბაიდენს ტელეფონით ესაუბრა. ლიდერებმა უკრაინის ირგვლივ არსებული ვითარება განიხილეს.
თეთრი სახლის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მაკრონმა და ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა. ამასთან, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ პარიზი და ვაშინგტონი მჭიდრო კონტაქტზე დარჩებიან და რუსეთის აგრესიული ქმედებების საპასუხოდ, განაგრძობენ დიპლომატიურ ძალისხმევას მოკავშირეებთან თანამშრომლობით.
მანამდე, მაკრონმა გაზეთ Journal du Dimanche-თან ინტერვიში ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის სუვერენიტეტი განხილვის საგანი არ არის.
მისივე თქმით, უკრაინაში სრულმასშტაბური ომის თავიდან აცილების მიზნით შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია და ამისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს. მაკრონი რუსეთთან დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს ევროპული სახელმწიფოების დასუსტების ხარჯზე არ უნდა მოხდეს.
მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, მაკრონი უკრაინას ეწვევა, სადაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.