პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტს პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსებოს კანდიდატები წარუდგინა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ღარიბაშვილმა ლელა ჯანაშვილისა და თამარ ალფაიძის კანდიდატურები შესთავაზა პარლამენტს, ხოლო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე - ემზარ გაგნიძისა და კარლო კაციტაძის კანდიდატურები.
ბიუროს გადაწყვეტილებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პოსტზე წარდგენილი კანდიდატურები განსახილველად ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს გადაეცა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურები კი - იურიდიულ საკითხთა კომიტეტს.
შეგახსენებთ, 4 თებერვალს საკონკურსო კომისიებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის კანდიდატებად 3-3 პირი შეარჩიეს და პრემიერ-მინისტრს წარუდგინეს.
შეგახსენებთ, პარლამენტმა 30 დეკემბერს მიიღო კანონი, რომლითაც უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და მის ნაცვლად ორი ახალი სტრუქტურა - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური - იქმნება.
სახელმწიფო ინსპექტორს ლონდა თოლორაიას და მისდამი დაქვემდებარებულ უწყებას მუშაობის ვადა 2022 წლის პირველ მარტს ეწურებათ.
ლონდა თოლორაიამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილების კონსტიტუციურობის დადგენის მიზნით საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა.